მანაგაძე შოთა ილიას ძე (19. III. 1901, ქუთაისი, – 21. VI. 1977, თბილისი), კინორეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1966), საქართვ. კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1974).
სწავლობდა თსუ-ში, დაამთავრა თბილ. გ. ჯაბადარის თეატრ. სტუდია (1925) და კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტი (1938). მუშაობდა მოსკ., თბილისისა და ქუთაისის თეატრებში მსახიობად და რეჟისორად (1919–35); იყო ქუთაისის დრამ. (1926–28) და წითელი არმიის სახ. ქართ. (1928–31) თეატრების მთ. რეჟისორი, მეიერხოლდის თეატრის რეჟისორ-ლაბორანტი (1931–35), 1935-იდან (სიცოცხლის ბოლომდე) – „თბილისის კინოსტუდიის“ (შემდგომში – „ქართული ფილმი“) დამდგმელი რეჟისორი. დაწერა სცენარები დოკუმენტური ფილმებისთვის ქართველ ალპინისტებზე: „მთამსვლელობა“, „მთებში“ (ორივეს რეჟ. შ. მარტაშვილი, 1947), თვითონვე გადაიღო დოკუმენტური ნარკვევები: „გმირული ტრავერსი“ (1950) და „60 წელი სცენაზე“ (ე. ჩერქეზიშვილი, 1948), აგრეთვე მხატვრული ფილმები: „ჭირვეული მეზობლები“ (1945), „ქართული ბალეტის ოსტატები“ (ვ. ჭაბუკიანთან ერთად, 1955), „საბუდარელი ჭაბუკი“ (1957; III პრემია და პრიზი მოსკოვის I საკავშ. კინოფესტივალზე, 1958), „ყვავილი თოვლზე“ (1959), „კეთილი ადამიანები“ (1961), „ვინ შეკაზმავს ცხენს?“ (1963), „ხევსურული ბალადა“ (1965), „ჯვარცმული კუნძული“ (1968), „მოლოდინი“ (ნ. მანაგაძესთან ერთად, 1969; ვარნის საკავშ. კინოფესტივალის პრიზი, 1970), „წუთისოფელი“ [ნ. მანაგაძესთან ერთად, 1971, პრიზი და პრემია თბილისის საკავშ. კინოფესტივალი, 1972; ჟიურის პრიზი სორენტოს (იტალია) საერთაშ. კინოფესტივალზე, 1972; საქართვ. კომკავშირის პრემია, 1974], „თვალი პატიოსანი“ (გ. ფანჯიკიძის რომანის მიხედვით, 1976).
მ-ის შემოქმედება გამოირჩევა თემატური და ჟანრული მრავალფეროვნებით. მისი კვლევის ობიექტია ადამიანი სხვადასხვა გარემოსა და ვითარებაში. მისი ფილმები გამოირჩევა სამსახიობო ანსამბლის შერჩევის, ეკრანზე ეროვნ. კოლორიტის შექმნის ოსტატობით.
მ. კერესელიძე