მანავის განძი, XIII ს. ვერცხლის მონეტების განძი. აღმოჩენილია 1954 სოფ. მანავში (საგარეჯოს მუნიციპ.) მიწის სამუშაოების დროს, საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმში დაცულია განძის მხოლოდ ნაწილი (87 ც.). მათგან 84 ც. მცირეაზიელ (რუმის) სელჩუკებს ეკუთვნის, 3 კი მონღოლი ყაენის მანგუს თბილისური დირჰემია. განძი შერეულია. მისი შემადგენლობა ასეთია: ა) მცირეაზიელი (რუმის) სელჩუკი სულთნების ფული: ყილიჩ-არსლან II (1156–92) – 1 ც., ქეიხოსროვ I (1192–96) – 1 ც., ქეიყუბად I (1219–36) – 29 ც., ქეიხოსროვ II (1237–46) – 27 ც., ქეიქავუს II (1246–48) – 10 ც., ქეიქავუს II, ყილიჩ-არსლან IV და ქეიყუბად II (1249–57) ერთობლივად, 15 ც., ყილიჩ-არსლან IV (1257–65) –
1 ც. მონეტები მოჭრილია შემდეგ ზარაფხანებში: სივასი, კონია, კესარია, დუნეისირი; ბ) მონღოლი ჩინგიზიდი „დიდი ყაენი“ მანგუს (1248–59) თბილისში მოჭრილი ფული. განძის ქრონოლოგიური ჩარჩოებია 1186–1257 და ჩამარხული უნდა იყოს XIII ს. 60-იან წლებში.
ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; Джалагания И. Л., Из истории монетного дела в Грузии ХIII века, Тб., 1958; მისივე, Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979; Пахомов Е. А., Монетные клады Азербайджана и других республик, краев и областей Кавказа, в. 7, Баку, 1957.
ი. ჯალაღანია