მანავის ღვთისმშობლის შობის ეკლესია, დგას სოფ. მანავის (საგარეჯოს მუნიციპ.) დას-ით მთის კალთაზე. სამხრ. ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, წყობაში ჩასმულ მარმარილოს ფილაზე ნუსხური დამწერლობით შესრულებული სამშ. წარწერა (ამჟამად დაკარგულია) გვაუწყებდა, რომ ეკლესია აგებული იყო 1794 დავითგარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტის, ეფთიმის მიერ. ეკლესია კუპელჰალეს ტიპის გვიანდ. ვარიანტია, ე. ი. შიდა სივრცის სტრუქტურით იგი დარბაზულია (გარეთა ზომები: სიგრძე – 10,8 მ, სიგანე – 7,1 მ), თუმცა გუმბათითაა დაგვირგვინებული. საშენ მასალად რიყის ქვა, აგური და შირიმია გამოყენებული. კედლები, ძირითადად, რიყის ქვითა და შირიმის სუფთად დამუშავებული ქვითაა ნაწყობი. გუმბათი, კამარები, კონქი, საბჯენი და კარ-სარკმლების თაღები აგურისაა. XIX ს-ში კედლები შიგნიდან და გარედან შეულესავთ და შეუთეთრებიათ. შესასვლელი დას-იდან და სამხრ-იდანაა. საკურთხევლის აფსიდი ღრმაა და ერთი თაღოვანი სარკმელი აქვს. ერთი სარკმელიც დას. კედელშია შესასვლელის ზემოთ, ხოლო ორი (ერთი-მეორის ზემოთ) – სამხრ-ით. გრძივი კედლებიდან გამოშვერილი თითო მძლავრი, ორსაფეხურიანი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით სივრცე ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. პილასტრების გვერდებზე ნახევარწრიული თაღით დასრულებული თითო შეღრმავებული არეა, რ-თა ხარჯზე დარბაზი სიგანეში ოდნავ გაზრდილია. ჩრდ-ით მდებარე ორივე არე ყრუა. სამხრ. არეებიდან აღმოსავლეთისაში სარკმელია გაჭრილი, დასავლეთისაში კი – კარი. დარბაზის აღმ. ნაწილი დაგვირგვინებულია ვიწრო (დიამ. 1,8 მ-მდე), მაღალი გუმბათით, რ-იც აფრების მეშვეობით აფსიდის თაღს და კამარის საბჯენ თაღს ეყრდნობა. გუმბათს მხოლოდ ეკლესიის სიგანის ნახევარი უჭირავს, ამის გამო გუმბათქვეშა კვადრატის დონეზე, სამხრ-ით და ჩრდ-ით, დარბაზის გრძივ კედლებამდე, ჯვრის მკლავების მსგავსი სივრცე იქმნება. თითოეული მათგანი შეკრული კამარითაა გადახურული. გარედან შენობას ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აღნაგობა აქვს. მკლავების გადაკვეთის ადგილას კი აღმართულია ვიწრო, რვაწახნაგოვანი გუმბათი, რ-იც შენობის ძირითადი დეკორატიული დომინანტია. იგი დასრულებულია მაღალი, რთული პროფილის ლავგარდნით. ლავგარდნის ძირს ლურჯად მოჭიქული აგურით გამოყვანილი ზოლი გაუყვება. გუმბათი აგურის პირამიდული სახურავითაა გადახურული.
2006 ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი ზ. ყიფშიძე).
ლიტ.: ბარნაველი თ., კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ., 1962; ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994; მელიქსეთ-ბეგი ლ., არქეოლოგიური მოგზაურობა გარე კახეთსა და ჭერმის ხეობაში, „სახალხო საქმე“, 1920, № 933; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.]1III, თბ., 2019; Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959; Georgian Architecture. A documented photo-archival collection on microfiche, Leiden, vol. 3, 1997.
თ. დვალი