მანგანუმის მადანი, ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნი, რომლისგანაც სუფთა მანგანუმის (Mn) მოპოვება ტექნიკურად შესაძლებელი და ეკონომიკურად ხელსაყრელია. 1774 შვედმა ქიმიკოსმა კ. შეელემ პირველმა აღმოაჩინა, რომ მადანი შეიცავდა უცნობ ლითონს, ხოლო ქიმიკოსმა ი. განმა პიროლუზიტისა და ნახშირის ნარევის გახურებით მიიღო სუფთა მანგანუმი. ბუნებაში ცნობილია Mn-ის 5 ალოტროპული მოდიფიკაცია, რ-იც დედამიწის ქერქის მთლიანი მასის 0,03% შეადგენს. Mn ბუნებაში ვრცელდება შემდეგი მინერალების სახით: პიროლუზიტი, მანგანიტი, ბრაუნიტი, ჰაუსმანიტი, როდოქროზიტი, პსილომელანი და პურპურიტი.
საქართველოში მანგანუმის საბადო გვხვდება ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში. მისი მეცნ. შესწავლა 1845–49 დაიწყო გერმ. გეოლოგის, აკად. ჰ. აბიხის თაოსნობით, შემდგომ, ა. წერეთლის ინიციატივით საბადო შეისწავლა გეოლოგმა ს. სიმონოვიჩმა და დასაბამი მისცა Mn-ის მოპოვებას.
მანგანუმს იყენებენ შავ მეტალურგიაში, გალვანური დაფარვისას და ისეთი შენადნობების მისაღებად, რ-ებიც არ შეიცავს რკინას, ასევე – მინისა და კერამიკის წარმოებაში, სამღებრო და პოლიგრაფიულ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში და სხვ.
გ. ბერიძე