მანგლისი

მანგლისი, დაბა (1926-იდან) თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრ. კალთის ბორცვებიან პლატოზე, მდ. ალგეთის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1200 მ, თეთრი წყაროდან 45 კმ. დაბის ცენტრი (მ. სოფ. ალგეთი). 1441 მცხ. (2014). მ. მდიდარია მცირე წყაროებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიჭვნარის კორომი და მამა არსენის გამოქვაბულთან მდებარე წყაროები.

მ. ადგილ. მნიშვნელობის სამთო-კლიმატური კურორტია, ჰავა – ზომიერად ნოტიო. ჰაერის საშ. ტემპ-რა 7,90 C, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 2,4 0C) და ხანგრძლივი, თბილი, მშრალი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 18,6 0C). აბსოლ. მინ. – 28 0C, აბსოლ. მაქს. – 35 0C. ნალექები – 770 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა – 2000 სთ წელიწადში. დაბის მიდამოებშია ალგეთის სახელმწ. ნაკრძალი, მ-ის განაპირას – მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი.

მ. ქვემო ქართლის ერთ-ერთი უძველესი პოლიტ., კულტ. და საეკლ. ცენტრი იყო. აქ ჩატარებული მცირე არქეოლ. გათხრები მოწმობს, რომ მ. ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანაში უკვე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, ხოლო შემდგომ იგი კიდევ უფრო დაწინაურდა, რასაც ხელი შეუწყო აქ გამავალმა გზამ, რ-იც შიდა ქართლს სამხრ. საქართველოსთან და სომხეთ-ბიზანტიასთან აკავშირებდა. მ. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი კერა იყო. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მ-ში პირველი ეკლესია უკვე IV ს. I ნახ-ში ააგეს. V ს-იდან მ. საეპისკოპოსოს ცენტრი ხდება „ალგეთის ხეობისა და ქციის ზემოთისა თრიალეთამდე“. ამიტომ აქ V ს. მიწურულს ახალი გუმბათიანი ტაძარი ააგეს. VI–VII სს. შემდგომ ყალიბდება ადმ. ერთეული – მ-ის ხევი (ცენტრი მ.), რ-იც ქართულ და სომხურ ადრეულ წერილობით წყაროებში ხშირად იხსენიება. VII ს. 50-იან წლებში, არაბთა ლაშქრობის შემდეგ, არაბთა „დაცვის სიგელის“ მიხედვით, მ. ქართლის ერთ-ერთი ცენტრი იყო. VIII ს-იდან მ-ის ხევი და მთელი ქვემო ქართლი თბილისის საამიროს შემადგენლობაში შედიოდა. ასე გაგრძელდა IX ს. ბოლომდე, სანამ თრიალეთი და მ-ის ხევის ზემოწელი კლდეკარის ერისთავებმა არ დაიპყრეს. X ს-ში მ. კლდეკარის საერისთავოს ფარგლებში იყო. XI ს. ბოლოდან იგი ემორჩილებოდა სამეფო ხელისუფლებას, XV ს-იდან კი ფეოდ. ერთეულის – საბარათიანოს შემადგენლობაშია.

გვიანფეოდ. ხანაში გამუდმებული ომების შედეგად ალგეთის ხეობა თანდათან გაუკაცრიელდა და მ-მაც დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა. XIX ს-ში აქ იდგა რუს. არმიის ერთ-ერთი პოლკი. ამავე ხანებში გადამდგარმა სამხ. მოსამსახურეებმა მ-ში შექმნეს რუსული დასახლება.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და რ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 1, თბ., 1964; დვალი მ., მანგლისის ტაძარი, თბ., 1972.

თ. თოდრია