მანდარინი, მარადმწვანე სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარე Citrus-ის გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა. მ-ის სამშობლოდ ითვლება სამხრ.-აღმ. აზია, კერძოდ – ჩინეთი. სიტყვა მ. ჩინურია და ნიშნავს წარჩინებულს.
საქართველოში 1885 პირველად შემოიტანეს იტალ. მ., რ-მაც დაბალი ყინვაგამძლეობის გამო სამრეწვ. მნიშვნელობა ვერ მოიპოვა. 1896 იაპონიიდან შემოტანილი მ-ის უნშიუს ნერგები ადვილად შეეგუა ადგილ. ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს და სწრაფად გავრცელდა.
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია მ. უნშიუ (C. unshiu). ხის სიმაღლე 3 მ-მდეა, ვარჯის დიამეტრი – 3–3,5 მ, ფოთლები ოვალურია, ყვავილები – კაშკაშა თეთრი, ორსქესიანი. გვირგვინის ფურცლები შეიცავს ჯირკვლებს, რ-ებშიც დიდი რაოდენობითაა ეთეროვანი ზეთი. ნაყოფი უთესლოა (ზოგჯერ თესლიანი), მასა 60–80 გ. კანი ნარინჯისფერია, რბილობი – ღია ნარინჯისფერი. წვენი შეიცავს 3–10% შაქრებს, 0,9%–1%-მდე მჟავებს, 23–55 მგ% C ვიტამინს და სხვ. ნაყოფს იყენებენ უმეტესად ნედლად, აგრეთვე გადამუშავებულს (წვენი, ჯემი, მურაბა, კომპოტი და სხვ.). კანი მდიდარია პექტინებით, ეთეროვანი ზეთებითა და გლიკოზიდებით, იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში, აგრეთვე ეთეროვანი ზეთების მისაღებად, ხოლო ამ უკანასკნელს – პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში. ნაყოფი მწიფდება ნოემბრის მეორე ნახევარში, მსხმოიარობას იწყებს ოკულირებიდან (კვირტით მყნობა) მე-4 წელს, ყინვაგამძლეა. 10–12 წლის ხეების მოსავალმა შეიძლება მიაღწიოს 50 ტ ჰა-ზე. მ-ის ძირითადი ნარგაობა გაშენებულია დას. საქართველოს ტენიან სუბტროპ. ზონაში. ყურადღება ეთმობა ბიოლოგიურად მობერებული მცენარეების ჩანაცვლებას ადრემწიფადი მ-ის ჯიშებით (ტიახარა უნშიუ, კოვანო ვასე, ნიჩინანი და სხვ.). მ-ს ამრავლებენ ვეგეტაციურად (მყნობით), იშვიათად – კალმით. ძირითადი საძირეა ტრიფოლიატა.
მ. გამოიყენება როგორც საუკეთესო სამკურნ.-პროფილაქტიკური საშუალება (აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს გულის დაავადებათა რისკს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და ქოლესტერინის დაგროვებას, ეხმარება ადამიანს მიკრობებთან ბრძოლაში, ანტიდეპრესანტია და სხვ.).
2020-იდან ქობულეთში ფუნქციონირებს ციტრუსების გადამამუშავებელი ქ-ნა, შპს „ქართული მანდარინი“.
მ-ის პლანტაციებს აზიანებენ მავნებლები – ფარიანები და ცრუფარიანები; დაავადებებიდან აღსანიშნავია გუმოზი, ქლოროზი, ანთრაქნოზი, ციტრუსების ბაქტერიული ნეკროზი, მელანოზი და სხვ. სამკურნალოდ იყენებენ ინსექტიციდების, ფუნგიციდების, აკარიციდებისა და მინერ. ზეთების ნაზავს.
ლიტ.: ჯაბნიძე რ., ჩაი და ციტრუსები, ბათ., 2014.
რ. ჯაბნიძე