მანდატური, ფეოდალურ საქართველოში დაბალი რანგის საპოლიციო-ადმისტრაციული აპარატის მოხელე. ტერმინი „მანდატური“ ისტორიულ წყაროებში გვხდება XI ს-იდან. მ. ექვემდებარებოდა მანდატურთუხუცესს. მას ევალებოდა სავაზირო შენობის დაცვა სხდომების დროს, საპატიო მგზავრის გაყოლა, სამეფო ზვრების სამუშაოთა ხელმძღვანელობა და სხვ. მ. ატარებდა სამოხელეო ნიშანს – არგანს. გვიანდელ ფეოდ. პერიოდში მ-ის მნიშვნელობით იხმარებოდა ტერმინები ბოქაული და იასაული.
ამჟამად მ-ს ძირითადად გააჩნია წესრიგის კონტროლის ფუნქცია. არსებობს სასამართლოს მ., რ-იც უზრუნველყოფს მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეთა და მოწმეების უსაფრთხოებას, იცავს წესრიგს, სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლ. საბჭოს ადმ. შენობებს და სხვ. მ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ატარებს სპეციალურ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სასამართლოს მ. არის საჯარო მოსამსახურე, რ-საც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს შესაბამისი სასამართლოს თავ-რე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მ-ის ძირითადი ამოცანაა სკოლაში საზ. წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. იგი აკონტროლებს სკოლის შიგა და გარე პერიმეტრს, სკოლის შინაგანაწესის შესრულების პროცესს, ასევე ვალდებულია აღკვეთოს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევები, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავი ორგანოებს და სხვ.
სკოლის მ. ატარებს განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ტანსაცმელს.
ლიტ.: სურგულაძე მ., ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წოდება შუა საუკუნეების საქართველოში, თბ., 2017.
მ. კლდიაშვილი