მანდელშტამი ოსიპ ემილის ძე [3(15). I. 1891, ვარშავა, – 27. XII. 1938, რუსეთი], რუსი პოეტი. სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტში, გერმანიასა და საფრანგეთში. პირველი ლექსები ჟურნ. „აპოლონში“ გამოაქვეყნა 1910, პირველი კრებ. „ქვა“ – 1913. საქართველოთი პეტერბურგში დაინტერესდა. 1920 სექტ-ში ძმასთან ერთად ჩამოვიდა ბათუმში, შემდეგ 2 კვირა თბილისში გაატარა. დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“. ამავე წლით თარიღდება მისი პირველი ლექსი თბილისზე – „მე მეზმანება ისევ თბილისი“. მეორედ თბილისში 1921 ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად. ამჯერად აქ 6 თვე დარჩა. ეს იყო ძალზე ნაყოფიერი პერიოდი მ-ის შემოქმედებაში. ამ დროს დაწერა ლექსი „Умывался ночью во дворе“, რ-საც თანამედროვენი მის შემოქმედებაში ახალი მსოფლმხედველობის მაუწყებლად მიიჩნევდნენ. მ-მა თარგმნა პ. იაშვილის, ტ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, ვ. გაფრინდაშვილის ლექსები (გამოაქვეყნა ანთოლოგიაში „ქართველი პოეტები“, თბ., 1921), ვაჟა-ფშაველას „გოგოთურ და აფშინა“. 1930 იგი კვლავ ეწვია საქართველოს, იმყოფებოდა სოხუმსა და თბილისში.
1938 მ. შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს. იგი ვლადივოსტოკის მახლობლად მდებარე ბანაკში ტიფით გარდაიცვალა.
თხზ.: ლექსები, თბ., 2008; ოროიდე სიტყვა ქართული ხელოვნების შესახებ, „ცხელი შოკოლადი“, 2010, №32; ლექსები, თარგმ. ა. ბუაჩიძემ, „ლიტერატურული ჟურნალი“, 2014, მაისი-ივნისი.