მანეთი, ფულის ერთეულის „რუბლის` (рубль) ქართული სახელწოდება. გვხვდება სპარსულში, აზერბაიჯანულსა და სხვ. ენებში. მომდინარეობს რუსული Монета-საგან (ლათ. – Moneta). იხმარებოდა ვერცხლის რუბლის აღსანიშნავად. მისი გავრცელება ქართულში XVIII ს-იდან შეიმჩნევა. XIX ს-იდან კი მ. „რუბლის“ ეკვივალენტურ ქართულ სახელწოდებად იქცა.
1918 დასაწყისში ამიერკავკასიის დროებითმა მმართველობის ორგანომ, ოზაკომმა, მიიღო გადაწყვეტილება გამოეშვა დროებითი ფულის ნიშნები – ამიერკავკასიური რუბლი (მ.). ფულის ნიშნების ემისია 5 თებერვლიდან დაიწყო და მიმოქცევაში გავიდა 1, 3, 5, 10, 50 და 100 მ-ის ნომინალის ბონები, მოგვიანებით 250-მანეთიანი კუპიურაც შეემატა.
1918 წ. 26 მაისს, საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მალევე, აზერბ. და სომხ. მთავრობებთან ერთობლივი შეთანხმებით, მიიღეს დადგენილება მიმოქცევაში ამიერკავკასიური მ-ის დატოვების შესახებ. 1919 წ. 11 ივლისიდან კი საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკამ მიმოქცევაში გამოუშვა 1, 3, 5, 10, 50, 100 და 500 მ-ის ნომინალის ბონები, რ-თაც მალევე შეემატა 50-კაპეიკიანი (კაპიკიანი) ქაღალდის ხურდა ფული, 1920-იდან – უკვე 1000 მ-ის ნომინალის ბონი, 1921 იანვრიდან კი – 5000 მ-ის ნომინალისა. ქართ. მ-ის დიზაინერები იყვნენ ი. შარლემანი, დ. შევარდნაძე და ჰ. ჰრინევსკი.
1922 საბჭ. საქართვ. მთავრობამ მიმოქცევაში გამოუშვა 10000 მ-ის ნომინალის ბანკნოტი. 1923 წ. 10 იანვრიდან 1924 წ. 1 ივლისამდე საქართვ. სომხ. და აზერბ. ტერიტ-ებზე ამიერკავკ. ფედერალური მ. მიმოიქცეოდა: 1000-იდან 1 მილიარდ მ-მდე. ფულის ნიშნების უმეტესობა თბილისში იბეჭდებოდა. 1924 წ. 1 ივლისიდან შეწყდა ამიერკავკასიის ფედერაციის მ-ების ემისია და საქართველო სსრკ რუბლის (მ.) სისტემას მიუერთდა.
ლიტ.: ფული საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი, თბ., 2000; გამოც. მე-2, თბ., 2003; ქაღალდის ფული საქართველოში, საქართველოს ეროვნული ბანკი, თბ., 2007; ჯავახიშვილი ნ., ქართული ბონისტიკა, თბ., 1996; Спасский И., Русская монетная система, Л., 1970.
რ. სპანდერაშვილი