მანველიშვილი ალექსანდრე სტეფანეს ძე (1904, სოფ. ვალე, ახლანდ. ახალციხის მუნიციპალიტეტი, – 11. II. 1997, არვადა, აშშ), ისტორიკოსი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921–29 საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის, ხოლო 1929-იდან ქართ. პოლიტ. ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე. მისი ფსევდონიმები იყო: „ალი-ბაბა“, „ანდრო დოლიძე“, „ბაბა“, „ლეგიონერი-ალავერდელი“, „ყარამანი“. დაამთავრა ახალციხის სამოქ. სასწავლებელი (1924), თსუ-ის პედ. ფაკ-ტის სიტყვიერების განყ-ბა (1928) და სორბონის უნ-ტის (საფრ.) იურიდ. ფაკ-ტი (1935). მიენიჭა სორბონის უნ-ტის ისტ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი. მ. იყო საქართვ. ანტისაბჭ. საერთო-ეროვნ. ამბოხების (იხ. აგვისტოს აჯანყება 1924) აქტ. მონაწილე. 1928–29 ასწავლიდა ახალციხის საშ. სკოლაში. 1929 ოქტომბერში დატოვა საქართველო. 1929–30 მოღვაწეობდა სტამბოლში, ფერიქვეის ქართვ. კათოლიკეთა სავანეში, 1930–40 და 1944–58 – საფრანგეთში, 1941–44 – გერმანიაში, 1958-იდან – აშშ-ში. 1930-იდან იყო ქართ. ეროვნ.-პოლიტ. ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი ლიდერი; 1934–38 – ამ ორგანიზაციის გაზ. „მომავლის“ რედაქტორი; 1941–44 – გერმანიაში გამომავალი ქართ. ემიგრ. პერიოდული გამოცემების („ლეგიონერი“, „საქართველო“, „ქართველი ერი“, „ქართლოსი“) აქტ. თანამშრომელი და „ქართული სამოკავშირეო შტაბის“ წევრი; 1951–54 – პარიზის ქართული „ეროვნული ცენტრის“ აღმასრ. მდივანი; 1952–54 – ცენტრის გაზ. „საქართველოს დამოუკიდებლობის“ სარედაქციო საბჭოს წევრი; 1954–58 – ჟურნ. „ერის დიდების“ რედაქტორი; 1954–56 – ფრანგ. გაზ. „L, Action Georgienne“-ის მთ. რედაქტორი; 1953-იდან თანამშრომლობდა ჟურნ. „The Voi_ce of Free Georgia“-თან (ნიუ-იორკი). წლების განმავლობაში თანამშრომლობდა რადიო „თავისუფლებასა“ და „ამერიკის ხმასთან“.
მ. ეწეოდა სამეცნ. მოღვაწეობას. არის სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიების ავტორი საქართვ. და კავკ. ისტ. მნიშვნელოვან პრობლემებზე.
მ-ს ნაშრომები იბეჭდებოდა ქართ. ემიგრ. ჟურნალებში – „კავკასია“ (რედ. ვ. ნოზაძე) და „ბედი ქართლისა“ (რედ. კ. სალია). 1991 სან-ფრანცისკოში გამოიცა მისი მოგონებები.
ლიტ.: ურუშაძე ლ., ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბ., 2005; შარაძე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 7, თბ., 2005.
ლ. ურუშაძე