მანველიშვილი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (10. IV. 1816, ახალციხე, – 1889-ის შემდეგ, რუსეთი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1868). სწავლობდა გვარდიის პოდპრაპორშჩიკებისა და საკავალერიო იუნკერთა სკოლაში (1833–34). სამსახური დაიწყო ლაიბგვარდიის საკავალერიო პოლკში. იყო ყირიმის ომის (1853–56) მონაწილე, 1862–67 – რიგის დრაგუნთა პოლკის მეთაური (პოლკოვნიკის რანგში), გენ.-მაიორი (1862-იდან). ცნობილია როგორც მემუარისტი. ავტორია ნაშრომისა ,,Воспоминания генерал-лейтенанта в отставке, князя Манвелова“. 1889 მან ლერმონტოვის მუზეუმს გადასცა პოეტის ნახატების ალბომი თანდართული წერილით.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლ. დოლიძე