„მანნა“ (შპს), სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო. გაიხსნა 2017 სოფ. საგურამოში (მცხეთის მუნიციპალიტეტი). აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მანქანა-დანადგარებით. აწარმოებს 14 სახეობის ჩაის: კლასიკურ შავ და მწვანე გრეხილ ჩაის, ასევე შავ გრეხილ ჩაის მოცვის ფოთლით, ბეგქონდარათი, კენკრით (მაყვალი და ჟოლო), მწვანე ჩაის პიტნით; პაკეტებით უშვებს შავ ჩაის ასკილით, მწვანე ჩაის პიტნით, შავ და მწვანე ჩაის ლიმონით და ახ. სახეობის, ორგანიზმის ტოქსინებისგან გამწმენდ დეტოქს ჩაის.
ჩაის საწარმოებლად საჭირო ყველა ნედლეული ქართულია. კომპანიას გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს დადებული ფერმერთა ჯგუფებთან გურიასა და სამეგრელოში, საიდანაც ხდება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ჩაის ფოთლის შესყიდვა. „მ.“ სურსათის უვნებლობის ყველაზე მაღალი სტანდარტის სერტიფიკატს – FSSC 22000-ს ფლობს. თავად წარმოების პროცესიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს.
„მ-ს“ ჩაი განსაკუთრებული გემური თვისებებით გამოირჩევა, რასაც სწორ ტექნოლ. დამუშავებასთან ერთად, განაპირობებს ადგილ. ნიადაგური და კლიმ. (მთისა და ზღვის ჰაერის შერწყმა) პირობები. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილ. ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. კომპანიას ჩეხეთის რესპუბლიკაში აქვს საწყობი, საიდანაც მარაგდება ევრ. რამდენიმე ქვეყანა.
„მ“. ყოველწლიურად მონაწილეობს ჩაის გამოფენებში. კომპანია ჩართულია USAID-ის სას.-სამ. ნარჩენების მართვის პროექტში.