მანოხინი თედორე ნიკოლოზის ძე [10 (22). IX. 1822, – 22. III (4. IV). 1902, მოსკოვი], ბალეტის მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი. დაამთავრა პეტერბურგის თეატრ. სასწავლებელი (ამჟამად ა. ი. ვაგანოვას სახ. რუსული ბალეტის აკადემია). 1842–83 იყო მოსკოვის დიდი თეატრის მსახიობი და ბალეტმაისტერი. 1846–50, 1858–69 იყო საიმპერატორო თეატრ. სასწავლებლის პედაგოგი. 1851 საბალეტო დასთან ერთად, რ-ის ხელმძღვანელი და მოცეკვავეც თვითონ იყო, გამართა გასტროლები თბილისში. ეს იყო საქართველოში ჩამოსული პირველი საბალეტო დასი. წარმოადგინეს ნაწყვეტები საბალეტო სპექტაკლებიდან „სილფიდა“, II მოქმ. (ფ. ტალიონი, 1853) და დივერტისმენტები სხვადასხვა ბალეტებიდან. მ-ის სახელს უკავშირდება საქართველოში პირველი სრულად დადგმული საბალეტო სპექტაკლი (დ. ობერი და ი. შმიდტი, „გიტანა, ესპანელი ბოშა“; 1854). 1852–54 იყო თბილ. საოპერო დასთან არსებული მცირე საბალეტო ჯგუფის ბალეტმაისტერი, ხელმძღვანელი და მოცეკვავე. მ-ს მოსკოვის დიდ თეატრში დადგმული აქვს ბალეტები: დ. ობერის „შეყვარებული ბაიადერა“, ა. დარგომიჟსკის ოპერა-ბალეტი „ბახუსის დღესასწაული“ (1867) და სხვ.
ლიტ.: ბარამიძე ბ., ქართული ხალხური და კლასიკური ქორეოგრაფია (ბალეტი), თბ., 2015; კაშმაძე შ., თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, 1851–1921, თბ., 1950; Красовская В., М., Русский балетный театр второй половины XIX века, Л.- М., 1963.