მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (29. VI. 1855, სოფ. ნორიო, ახლანდ. გარდაბნის მუნიციპალიტეტი, – 22. V. 1939, თბილისი), ჟურნალისტი, მწერალი. დაამთავრა თბილ. სას. სემინარია. სწავლობდა პეტერბ. უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტზე. 1886–90 ი. ჭავჭავაძის გაზ. „ივერიის“ მუდმივი თანამშრომელი იყო. წერდა ფელეტონებს, კრიტ. წერილებს, რეცენზიებს, პატარა მოთხრობებსა და ნარკვევებს „ალექსანდრიძის“, „დონიაგოს“, „ბარელისა“ და სხვ. ფსევდონიმებით. თანამშრომლობდა ჟურნ. „ჯეჯილსა“ და „მოამბესთან“, იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მდივანი. საინტერესოა მ-ის „მოგონებანი“ (1936), რ-შიც აისახა XIX ს. 70–90-იანი წლების მნიშვნელოვანი ისტ.-სოც. და კულტ.-ლიტ. მოვლენები. ავტორმა პირუთვნელად და მოხდენილად დაახასიათა თავისი დროის არაერთი საზ. მოღვაწე.
თხზ.: მოგონებანი, ნახული და გაგონილი, ლ. ასათიანის რედ., წინასიტყვ. და შენიშვნებით, ტფ., 1936.
დ. წოწკოლაური