მანუჩარ II ჯაყელი

მანუჩარ II ჯაყელი (1550–1614), სამცხის ათაბაგი 1582–1614, ქაიხოსრო II-ის ძე. 1576–78 ყვარყვარე IV-ის ავადმყოფობის გამო განაგებდა საათაბაგოს საქმეებს. 1578 აგვ. ოსმალთა მიერ სპარსელთა დამარცხების (ჩილდირის ველზე) შემდეგ მ. II ოსმალებს დამორჩილდა. ოსმალთა სარდალმა მუსტაფა ლალა-ფაშამ ყვარყვარე და მ. II სტამბოლში გაგზავნა. აქ მ. II გაამაჰმადიანეს, მუსტაფა უწოდეს, 1579 ახალშექმნილი ახალციხის (ჩილდირის) საფაშო უბოძეს და ქართლის წინააღმდეგ ბრძოლა დაავალეს. მ. II-მ ოსმალთა გეგმები ქართლის მეფე სიმონ I-ს გაანდო. ოსმალები მუხრანის ველზე დამარცხდნენ. სულთნის ხელისუფლებამ მ. II-ის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ თავი დააღწია მტერს და მის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. 1582 მ. II-მ უარყო მაჰმადიანობა, ცოლად სიმონ I-ის ქალიშვილი ელენე შეირთო და ათაბაგი გახდა (ყვარყვარეს ნაცვლად). ოსმალებმა ჩილდირის ბეგლარბეგად იუსუფ-ფაშა დასვეს და აჯანყების ჩაქრობა დაავალეს, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. ოსმალები კომპრომისზე წავიდნენ – 1583 ბეგლარბეგად მ. II აღადგინეს. იგი სულთნისაგან ქრისტიანობის შენარჩუნებას და ათაბაგობის აღდგენას მოითხოვდა. ოსმალებს მესხეთის დაპყრობა ჰქონდათ გადაწყვეტილი და 1587 მ. II-ის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნეს. მ. II-მ სამცხე დატოვა და ქართლში გადავიდა. 1598 იგი კვლავ აუჯანყდა ოსმალებს, ირან-ოსმალეთის ახალი ომის დაწყებისთანავე (1603) კი ირანული ორიენტაციის გზას დაადგა, რათა მათი მხარდაჭერით დაებრუნებინა სამცხის ათაბაგობა. მ. II ისპაჰანში ჩავიდა და შაჰ-აბასის კარზე იმყოფებოდა. გარდაიცვალა იქვე, ზოგიერთი ცნობით 1607.

წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე ტ. 4, თბ., 1973; იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1964; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1969; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), ქ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; სვანიძე მ., ჩილდირის (ახალციხის) საფაშოს დაარსების ისტორიიდან, „მაცნე, ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია“, 1964, №4; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967.

შ. ლომსაძე