მანუჩარ III ჯაყელი

მანუჩარ III ჯაყელი (1591–1625), სამცხის ათაბაგი 1614–25, მანუჩარ II-ის ძე. მამის ირანში ყოფნის დროს შაჰმა აბას I-მა მ. III სამცხე-საათაბაგოს გამგებლად ცნო. 1608 ოსმალების მიერ ახალციხის ხელახლა დაპყრობის შემდეგ მ. III ქართლში გადავიდა. 1614, მამის გარდაცვალების შემდეგ, ტახტს დაეუფლა. იგი ცდილობდა შეეჩერებინა მესხ ფეოდალთა გამაჰმადიანების პროცესი, რითაც ოსმალთა უკმაყოფილება გამოიწვია. 1624 არზრუმის ფაშამ მ. III-ის წინააღმდეგ ილაშქრა. მ. III მცირე რაზმით ქართლში გადავიდა. აქ მონაწილეობა მიიღო მარაბდის ბრძოლაში სპარსელების წინააღმდეგ. ამის შემდეგ სულთანმა მ. III-ს ქრისტიანობა შეუნარჩუნა და ათაბაგობა დაუმტკიცა. სამშობლოში მომავალი გზაში მოკლა ბიძამ – ბექამ (საფარ-ფაშა).

წყარო იხ. სტ-თან მანუჩარ II ჯაყელი.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII საუკუნეებში, თბ., 1977.

შ. ლომსაძე