მანწკავა ისიდორე გაბრიელის ძე

ი. მანწკავა

მანწკავა ისიდორე გაბრიელის ძე (12. V. 1900, სოფ. ნიგვზიანი, ოზურგეთის მაზრა, – 1944, გერმანია), პუბლიცისტი, მკვლევარი, მთარგმნელი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის პირველდაწყებითი სასწავლებელი და ფოთის გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე. მ. იყო საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის აქტ. წევრი, მე-11 ბოლშევიკური არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლების (1921) და ეროვნ. ამბოხების (1924) აქტ. მონაწილე. ამბოხების შემდეგ მ. დააპატიმრეს. მან მეტეხის ციხეში სხვა პოლიტ. ტუსაღებთან ერთად შეძლო ხელნაწერი პატრ. ჟურნ. „მეტეხის“ გამოცემა (გამოვიდა 5 ნომერი). ციხიდან თავის დაღწევის შემდეგ (1925) წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და გერმანიაში. ერთხანს იყო სორბონის უნ-ტის მსმენელი. ემიგრაციაში აქტ. საზ.-პოლიტ. მოღვაწეობასთან ერთად მ. ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიც. და სამეცნ. მუშაობას. მისი მონაწილეობით პარიზში დაფუძნდა ქართვ. მწერალთა და ჟურნალისტთა საზ-ბა (1926), ქართ. სალიტ. და სამეცნ. ჟურნ. „კავკასიონი“ (1929, პარიზი), იყო ამ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. სიცოცხლის ბოლო ათი წელი გაატარა გერმანიაში. აქ იყო ქართ. ემიგრანტული გამოცემების, გაზეთების – „საქართველოსა“ და „ქართველი ერის“ (ქართ. ეროვნ. კომიტეტის ორგანო) თანამშრომელი. მ. იკვლევდა როგორც ქართ. ლიტერატურას, ისე საქართვ. ისტორიას. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია „ერიხ მარია რემარკი“, „ილია ჭავჭავაძე“, „ქართული ლიტერატურა“, „1801–32 წლების მანძილზე (ისტორიული მიმოხილვა)“, „1832 წლის შეთქმულების შესწავლისათვის“ და სხვ. 1962 პარიზში გამოიცა მისი მონოგრაფია „ქართული კულტურის გზები“. დაკრძალული იყო ზალცბურგის გარეუბანში, შემდეგ გადაასვენეს საფრანგეთში, ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ლ. ურუშაძე