მანჯგალაძე ეროსი აკაკის ძე

ე. მანჯგალაძე

მანჯგალაძე ეროსი აკაკის ძე (3. III. 1925, სოფ. ღანირი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 26. I. 1982, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1961). 1947 დაამთავრა თეატრ. ინ-ტი (დ. ალექსიძის სახელოსნო). ჯერ კიდევ მესამე კურსელმა წარმატებით შეასრულა ტეტერევის როლი მ. გორკის „მდაბიონში“ (რეჟ. გ. ტოვსტონოგოვი). 1947–48 მუშაობდა კ. ხეთაგუროვის სახ. ცხინვალის თეატრში, სადაც სადებიუტო როლი ითამაშა სპექტაკლში „ღრმა ფესვები“. 1948-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. 17 წლის ასაკში გაიმარჯვა საქართვ. სახ. რადიოკომიტეტის დიქტორთა შესარჩევ კონკურსში და გახდა ცნობილი დიქტორი და სპორტ. კომენტატორი. განსაკუთრებით გაითქვა სახელი საფეხბურთო რეპორტაჟებით, რ-ებიც მან 1946-იდან პირველად წაიყვანა ქართულ ენაზე. იყო კინომსახიობთა თეატრის დირექტორი, იმავდროულად მონაწილეობდა ამ თეატრის სპექტაკლებში. მ-მ დიდი ოსტატობით შეასრულა შემდეგი როლები: რუსთაველის თეატრში – ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ლოპესი (ჯ. ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი“), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), დათვი (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), ტარიელი, გვადი (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“, „გვადი ბიგვა“), თავადი ვანო (ა. ცაგარლის „ხანუმა“), ართავაზა, ისიდორე სარალიძე (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“, „საბრალდებო დასკვნა“), პეტერ შტოკმანი (ჰ. იბსენის „ექიმი შტოკმანი“), აზდაკი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“) და სხვ. კინომსახიობთა თეატრში – მოხუცი ფეხბურთელი (ლ. ჭელიძის „ესმერალდა“), მურომსკი (ა. სუხოვო-კობილინის „საქმე“) და სხვ.

მ. გამოირჩეოდა მასშტაბურობით, თანამედროვეობის ზუსტი აღქმით. იყო უნივერსალური მსახიობი. 1958-იდან იღებდნენ კინოში. ბუნებრივი უშუალობა, დასამახსოვრებელი ხავერდოვანი ხმის ტემბრი, მუსიკალურობა, დახვეწილი იუმორი და ირონია მის ეკრანულ სახეებს განუმეორებელ მომხიბვლელობას ანიჭებდა, მ. შ. აღსანიშნავია: ალექსანდრე („წარსული ზაფხული“, რეჟ-ები: ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1958), სევერიანი („თოჯინები იცინიან“, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1962), ვარდენი („შეხვედრა წარსულთან“, რეჟ. ს. დოლიძე, 1966), მღვდელი („ლონდრე“, რეჟ. თ. მელიავა, 1966), მილიციის რწმუნებული („ქვევრი“, რეჟ. ი. კვირიკაძე, 1970), გეორქ გეორქოვი („ვერის უბნის მელოდიები“, რეჟ. გ. შენგელაია, 1973), ბუნბულა („ნატვრის ხე“, რეჟ. თ. აბულაძე, 1976), კაკუტა („ყვარყვარე“, რეჟ. დ. აბაშიძე, 1978) და სხვ. მონაწილეობდა რადიო და ტელესპექტაკლებში, როლებშიც განასახიერა: მამა გორიო (ო. დე ბალზაკის „მამა გორიო“), ფოტოგრაფი, შალვა კეჟერაძე (გ. დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“) და სხვ.

წარმატებით ახმოვანებდა ფილმებს ქართ. და რუს. ენებზე, მისი ხმით მეტყველებენ ვ. ჩხაიძის პერსონაჟები ე. შენგელაიას ფილმებში: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (პიპინია) და „შერეკილები“ (ქრისტეფორე). გაახმოვანა თოჯინური პერსონაჟი – თავადი ფანტიაშვილი ფილმში „კოჯრის ტყის სიზმრები“ (რეჟ-ები რ. გაბრიაძე, გ. თოფურია) და სხვ.

მ-ის სახელობისაა საქართვ. I არხის რადიოთეატრი, სპორტული სტადიონი სამტრედიაში. თეატრ. საზ-ბის მიერ დაწესებულია მ-ის სახელობის პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თ. კახიანი

მ. კერესელიძე