„გძელიძის წყლები“, ხილეულის წყლების საფირმო მაღაზიები თბილისში. გაიხსნა ვ. გძელიძის თაოსნობით: პირველი – XX ს. 30-იან წლებში რკინიგზის ვაგზალთან, ნ. გოგოლისა და ჩელიუსკინელების (ახლანდ. თამარ მეფის გამზ.) ქუჩების კუთხეში; მეორე (მაღაზია-პავილიონი) – XX ს. 40-იან წლებში ა. ელბაქიძის (ახლანდ. მ. ჯავახიშვილის ქუჩა) დაღმართზე. აქ იყიდებოდა ვ. გძელიძის რეცეპტით დამზადებული გამაგრილებელი ხილეულის წყლები: „მსხლის", „შინდის", „პიტნის", „ვაშლის", „კომშის", „ასკილის", ასევე „შოკოლადის", „ყავის", „ნაღების" და სხვ., უალკოჰოლო სასმელები – „ხვანჭკარა", „კახური", „შამპანური", „სადესერტო", „საგაზაფხულო", გარდა ამისა, სუსტი ალკოჰოლიანი სასმელები – „საფესტივალო", „საამო", „ჩქეფი", „თბილისი", „მოსკოვი". XX ს. 60-იან წლებში სასტუმრო „ივერიისა" და რესპ. მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით ა. ელბაქიძის დაღმართზე მდებარე მაღაზია-პავილიონი დაინგრა, ამავე პერიოდში შეწყვიტა არსებობა ნ. გოგოლის ქუჩაზე არსებულმა საფირმო მაღაზიამაც. ვ. დ. გძელიძის შვილიშვილმა, ვ. გრძელიძემ, გადაწყვიტა ბაბუის მიერ დაწყებული საქმის აღორძინება. მან 1989 თბილისში, მ. კოსტავას ქუჩის 12-ში, გამართა ხილეულის წყლების მცირე საწარმო და იქვე გახსნა საფირმო მაღაზია „გ. წ.", რ-მაც 1997-მდე იარსება.
ლ. აბრამიშვილი