მარაბდა–კარწახის რკინიგზა, სარკინიგზო მონაკვეთი, ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის შემადგენელი ნაწილი. ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო დერეფნის იდეა და დანიშნულება მრავალი საუკუნის წინ არსებული დიდი აბრეშუმის გზის თანამედროვე ალტერნატივაა. 2007 ნოემბერში საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბაქო–თბილისი–ყარსის ახ. სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ. ეს არის როგორც რეგიონული, ისე მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, რ-იც უმოკლესი გზით აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. მონაკვეთი ალპურ ზონას გადის (ზ. დ. 2200 მ), სადაც ზამთრის პერიოდში უხვი ნალექი და -30 ºC-მდე ყინვა ფიქსირდება. შვეიცარიისა და გერმანიის შემდეგ ბაქო–თბილისი–ყარსის ახ. სარკინიგზო ხაზის საქართვ. მონაკვეთი ტვირთის ტრანსპორტირების კუთხით მე-3 ადგილს იკავებს ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილების გავლით.
ბაქო–თბილისი–ყარსის ახ. სარკინიგზო ხაზის სიგრძეა 829 კმ, აქედან საქართვ. ტერიტორიაზე გადის 246 კმ, ხოლო მონაკვეთის სიგრძე მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე შეადგენს 180 კმ, აქედან რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კმ და აშენდა 27 კმ სიგრძის სრულიად ახ. სარკინიგზო ხაზი. პროექტი ითვალისწინებს წელიწადში 5 მლნ. ტ ტვირთის გადაზიდვას.
პროექტი დაყოფილია 6 ეტაპად: მარაბდა–თეთრი წყარო (I ეტაპი), თეთრი წყარო–წალკა (II ეტაპი), წალკა–ახალქალაქი (III ეტაპი), ახალქალაქის ვაგზალი (IV ეტაპი), ახალქალაქის სარკინიგზო სადგური (V ეტაპი), ახალქალაქი–კარწახი–თურქეთის საზღვარი გვირაბის ჩათვლით (VI ეტაპი). მთლიანობაში მარაბდა–კარწახის მონაკვეთი მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს, 8 წევის ქვესადგურს და 4 თოვლდამცავ გალერეას. ახალქალაქში, ზ. დ. 1800 მ-ზე, მდებარეობს საერთაშ. სტანდარტების სარკინიგზო სადგური, რ-ის ფართობია 102 ჰა. ახალქალაქის სადგურზე სამგზავრო მატარებელი 1520 მმ-იანი ლიანდის სტანდარტიდან ავტომატურად გადადის ვიწრო, ევრ. სტანდარტის 1435 მმ-იან ლიანდზე. ახალქალაქის საერთაშ. სარკინიგზო სადგურის ვაგზლის შენობის (გერმ. არქიტ. ი. მეიერი) განაშენიანების ფართობი შეადგენს 3000 მ 2. პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია საქართველო – თურქეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბი, რ-ის სიგრძეა 4450 მ, აქედან 2080 მ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს.
2011 იანვარში ნიუ-იორკში გამართულ ფორუმზე – Global Infrastructure Leadership Forum ბაქო–თბილისი–ყარსის ახ. სარკინიგზო ხაზი 100 გლობალურ პროექტს შორის, 2013 კი კასპიის ფორუმზე წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა. 2015 იანვარში საქართვ. მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა. 2017 ნოემბრიდან მიმდინარეობს ტვირთის გადაზიდვა სატესტო რეჟიმში. 2020 დეკემბერში ბაქო–თბილისი–ყარსის ახ. სარკინიგზო ხაზის გავლით თურქეთიდან ჩინეთში პირველად გაიგზავნა საექსპორტო პროდუქცია.
ქ. შაიშმელაშვილი