მარალინ-დერესის სამაროვანი, ადრე რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლი სოფ. სანთას მიდამოებში (წალკის მუნიციპალიტეტი). გაითხარა 1936–47 თრიალეთის (წალკის) არქეოლ. ექსპედიციის მიერ (ხელმძღვ. ბ. კუფტინი). ქვის სამარხებში დაკრძალვა ინჰუმაციური იყო. ინვენტარი წარმოდგენილი იყო შემდეგი ნივთებით: კერამიკა – დოქი მსხლისებური კორპუსით, ცალყურა ქოთანი, დოქი სფეროსებური მუცლით; ბრინჯაო – თოხი, სავარცხელი, 2 სამაჯური; რკინა – დანა; ქვის ამულეტი; მინის დიდი ზომის გირჩისებურშვერილებიანი და სარდიონის მძივები; ნიჟარა კაური; დაბალრკალიანი ფიბულა (აღმოჩნდა № 4 ქვის სამარხში, რ-შიც დაკრძალული იყო გოგონა). რკალის ზედაპირი შემკულია განივად მიმართული ირიბი ნაჭდევების სეგმენტებით, რ-თა შორისაც ჯვარედინი ნაჭდევებია. ბ. კუფტინი მარალინ-დერესის № 4 სამარხის ქრონოლოგიას ვანის (ურარტუს) ეპოქით განსაზღვრავდა.
ლიტ.: გაგოშიძე ი., თრიალეთის სამაროვნები, თბ., 1982; სულავა ნ., კავკასიის ფიბულები (ტიპოლოგია, ქრონოლოგია, გენეზისი), თბ., 2011; Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, Тб., 1941.
ნ. სულავა