მარანა

მარანა, სოფელი შიდა ქართლის რეგიონის გორის მუნიციპალიტეტში (ტყვიავის თემი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. პატარა ლიახვის მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 770 მ, გორიდან 18 კმ. 526 მცხ. (2014). სოფელში დგას ორი კოშკი. ორივე გეგმით კვადრატულია, თითქმის თანაბარი ზომისა. მათგან ერთი, რ-იც სოფლის ჩრდ. განაპირას მდებარეობს, არქიტექტურული ნიშნებით XVII ს-ით თარიღდება, მეორე, სოფლის სამხრ. ნაწილში მდგარი კი – XVII–XVIII სს. მიჯნით. სოფლის ჩრდ. განაპირას მდგარ კოშკს ერთი თავისებურება ახასიათებს. მას გარედან, სამ მხარეს, ფასადის შუა ნაწილში, მთელ სიმაღლეზე, ნახევარწრიული კონტრფორსი აუყვება. არქიტექტურული გადაწყვეტით საინტერესოა მეორე კოშკიც. აქ პირველი სართულის შუაში კვადრატული ოთახია, რ-საც ირგვლივ დერეფანი უვლის. თავად ოთახი კი ჯვარისებრი კამარით ყოფილა გადახურული.

ლიტ.: ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1983; ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი  დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბ., 2002; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.