მარანი, 1. ღვინის დასაყენებელი და შესანახი ნაგებობა. „საღვინე სახლი“. ხალხურმა ტრადიციამ საქართველოში დღემდე შემოინახა 2 სახის მარანი: დახურული და ღია.
დახურული მ. უპირატესად აღმ. საქართველოშია გავრცელებული. მარანშივეა ჩაფლული ქვევრები. აქვე ინახავენ მეღვინეობის ინვენტარს, წურავენ ყურძენს, აყენებენ და ინახავენ ღვინოს. ამგვარი მ. კარგადაა შეხამებული აღმ. საქართვ. ბუნებრივ პირობებთან: შენობა იცავს ღვინოს ზამთარში ყინვისაგან, ზაფხულში – სიცხისაგან. ქართლ-კახური მ. მოქცეულია საცხოვრებლის კომპლექსში – ორსართულიანი ქვიტკირის სახლების პირველ სართულზე. ძველად ქართლში დარბაზული სახლის ერთ-ერთ კომპონენტს ხშირად მ. შეადგენდა. მარნიანი დარბაზული სახლები ქვემო ქართლში, თრიალეთსა და მესხეთ-ჯავახეთში დღემდეა შემორჩენილი. ურბნისის ტერიტორიაზე მრავლადაა გათხრილი VI–VIII სს. ალიზით ნაგები ბანიანი სახლები, რ-ებსაც უშუალოდ ებმის მ-ები. ქართლ-კახეთში ტრად. მ. გამოირჩევა კედლის ლამაზი წყობით, წინა მხრიდან კედლებში ჩაყოლებული აგურის ჯვრებითა და ზოლებით, თაღიანი შესასვლელითა და მასიური ორფრთიანი კარით. მ-ს 2 ნაწილად ყოფს თაღებიანი კედელი ან მდიდრულად მოჩუქურთმებული ბალიშიანი დედაბოძი. მ-ის უკანა ნაწილში ყურძნის დასაწური განყოფილებაა. კედელთან, მთელ სიგრძეზე, მიშენებულია ქვიტკირის საწნახელი, ჩვეულებრივ ორგანყოფილებიანი.
ღია მ. ძირითადად დას. საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ქვევრები ღია ცის ქვეშ, მიწაშია ჩაყრილი, შემოკავებულია შქერის ღობით და დაჩრდილულია ვაზის ტალავრით ან კომშის ხეებით. მ-ის ეს ტიპი კარგად მიესადაგება დას. საქართვ. ჰავისა და ნიადაგის ჭარბტენიანობას. აქ დახურულ მ-ში ღვინის შენახვა საზიანოცაა. დახურული მ. მხოლოდ დას. საქართვ. მთიან მხარეებში გვხვდება.
მ., სადაც ზედაშე (შესაწირი ღვინო) ინახებოდა, ხალხში წმინდა ადგილად მიიჩნეოდა და იქ სრულდებოდა რიტუალები და წეს-ჩვეულებანი (მ-ის საახალწლო მილოცვა, ჭურისთავის შემოლოცვა, აგუნას დაძახება, ზედაშეს შესმა, ქორწილისა და ნათლობის ზოგიერთი რიტუალი და სხვ.).
ლიტ.: აბაკელია ნ., სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში, თბ., 1997; თოფურია ნ., ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფის ისტორიიდან (მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები), თბ., 1978; ლეკიაშვილი ა., შენ ხარ ვენახი, თბ., 1972; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2011.
ა. ლეკიაშვილი