„მარგალიტი“

„მარგალიტი“, დაახლოებით XVI ს. ქართული აპოკრიფული კრებული. შეიცავს ე. წ. „სასულიერო სწავლათ“, რ-ებიც გამოკრებილია ძირითადად იოანე ოქროპირის ამავე სახელწოდების კრებულისა და ბიბლ. წიგნებიდან. „მ-ის“ უძველესი ნუსხა (A 1738) XVI ს-ით თარიღდება, დანარჩენი ხელნაწერები XVIII–XIX საუკუნეებისაა. „მ“. შედგება ოცი თავისაგან და კითხვა-მიგების სახით გადმოგვცემს მოთხრობებს ძვ. და ახ. აღთქმიდან, წმ. მამათა სწავლებას ქრისტ. მორალისა და ეთიკის საკითხებზე; განმარტავს ბიბლიის ცალკეულ ადგილებს და სხვ.

„მ-ს“ თავისი დროისათვის ზოგადსაგანმან. სახელმძღვანელოს დანიშნულება უნდა ჰქონოდა. ამაზე მიგვანიშნებს სასაუბრო ქართულთან დაახლოებული მისი ენა, აგრეთვე ინტერესი ისეთი პრობლემისადმი, როგორიცაა დედამიწაზე ეროვნებათა რაოდენობის საკითხი და სხვ. კრებულის შემდგენელი უცნობია. ზოგიერთი ცნობის თანახმად, ის თითქოს იოანე პეტრიწსაც უთარგმნია 1093.

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; საქართველოს სახელმწ. მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (H კოლექცია), ქრ. შარაშიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1948.

ც. ქურციკიძე