მარგვეთისა და უბისის ეპარქია, ეპარქია ზემო იმერეთში. მოიცავს ისტ. არგვეთის საერისთავოს დიდ ნაწილს. მისი იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებზე. აღმ-ით ესაზღვრება სურამისა და ხაშურის, დას-ით – ვანისა და ბაღდათის, ჩრდ-ით – ჭიათურა-საჩხერისა და ტყიბული-თერჯოლის, სამხრ-ით – ბორჯომ-ბაკურიანის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიები. მ. და უ. ე-ის ტერიტორიაზე ქრისტ. ცხოვრების დაწყება ტრადიციულად მოციქულთა მოღვაწეობას უკავშირდება. ამ კუთხეში ქრისტ. ადრიდანვე გავრცელების მიმანიშნებელია დღემდე მოღწეული უძველესი ქრისტ. ძეგლები: „კაცხის სვეტის“ (V–VI სს) უბისის წმ. გიორგის (IX ს.) ეკლესიები, ტაბაკინის წმ. გიორგის მონასტერი (VI–VII სს.) და სხვ. საქართველოში ქრისტ. სახელმწ. რელიგიად გამოცხადების დროიდან აფხაზეთის (დას. საქართველო) საკათოლიკოსოს ჩამოყალიბებამდე (X ს.). ამ მხარეში მცხეთის იურისდიქცია ვრცელდებოდა. მარგვეთის საეპისკოპოსო დაახლ. IX–X სს-ში დაფუძნდა, თუმცა იმ პერიოდის მარგველი მღვდელმთავრის შესახებ წერილობითი ცნობები არ მოგვეპოვება. მარგველი მღვდელმთავრის საეკლ. წოდება 1917, საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დამკვიდრდა. XX ს. საეკლ. რეპრესიების გამო მარგვეთის სამღვდელმთავრო კათედრა უმეტესად უმოქმედო იყო. ამ ეპარქიის სრულყოფილი აღდგენა საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი, როდესაც XX ს. 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო გაუქმებული ეპარქიების განახლება, მ. შ. იყო მარგვეთის ეპარქიაც. 1995 წ. 5 აპრილს საქართვ. ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით მარგვეთის ეპარქიის საფუძველზე შეიქმნა ჭიათურის ეპარქია. 2002 წ. 17 ოქტ. მარგვეთის ეპარქიას სახელწოდება შეეცვალა და მას მ. და უ. ე. ეწოდა, რ-ის კათედრა ზესტაფონშია, რეზიდენცია კი – ზესტაფონსა და ხარაგაულში. ძველთაგანვე მარგვეთის ეპარქიის მნიშვნელოვან საეკლ. სიწმინდედ ითვლება ჯვარი, რ-იც წმ. ანდრია მოციქულმა აღმართა ზეკარის უღელტეხილზე (ხარაგაულის მუნიციპ.) მდებარე, მთაზე (ამ მთას შემდგომში „რკინის ჯვარი“ეწოდა).
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: გაბისონია პ., დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კათედრები რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დროისთვის, „ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი“, 2010, №11; სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1973; ხალვაში რ., ანდრია პირველწოდებული საქართველოში, ბათ., 2011.
გ. გუგუშვილი