მარგველაშვილი გიორგი ნოდარის ძე (დ. 25. III. 1958, ქუთაისი), თეატრის რეჟისორი. 1980 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის დრამის ფაკ-ტი რეჟისორის სპეციალობით (მ. თუმანიშვილის სახელოსნო). 1983–84 მუშაობდა საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტში რეჟისორად. იყო კინომსახიობთა თეატრის დამდგმელი რეჟისორი (1984–2001), მთ. რეჟისორი (2001–05), სამხატვრო ხელმძღვ. (2005–09); გრიბოედოვის თეატრის მთ. რეჟისორი (2009); 2024-იდან კ. მარჯანიშვილის სახ. პროფ. სახელმწ. დრამ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. პარალელურად, 1984-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას თეატრ. ინ-ტში. 2005-იდან დღემდე არის თეატრისა და კინოს უნ-ტის დრამის ფაკ-ტის პროფესორი (2007–11, 2014–20 – რექტორი). დადგმული აქვს სპექტაკლები: ლ. პირანდელოს „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“, ა. ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“, უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ და სხვ. 1991 თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა „რეჟისორთა ლიგა“, რ-მაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა XX ს. ბოლო ათწლეულის ქართულ თეატრალურ პროცესებზე.
2002–04 იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელოვნებისა და კულტურის პროგრამების საექსპერტო კომისიის წევრი; 2009 – თბილ. საერთაშ. თეატრ. ფესტივალის მრჩეველთა საბჭოს თავ-რე; 2010–11 – პრეზიდენტთან არსებული ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში შოთა რუსთაველის სახ. და საქართვ. ეროვნ. პრემიების კომისიის წევრი.
მიღებული აქვს საქართვ. თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია (1994, 2001) და რუსთავის საერთაშ. თეატრ. ფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის (1996, 2004); ამავე ფესტივალის პრემია საუკეთესო ექსპერ. ნამუშევრისთვის (2004).