მარგველაშვილი ნოდარ ილიას ძე (26. IV. 1933, ქუთაისი, – 25. III. 1987, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1981). 1956 დაამთავრა თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი და იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში მსახიობად. იქვე ეკავა სხვადასხვა ადმ. თანამდებობა – იყო სადადგმო ნაწილის გამგე (1967), დირექტორის მოადგილე (1971). შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ძალოსანი (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“), კაკუტა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), ვაჭარი, ბაყბაყდევი (გ. ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“, „ჭინჭრაქა“), მესაფლავე (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), მათიასი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), პოპესკუ (ი. კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“), იანვარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), ცომიზელია (ა. სულაკაურის „სალამურა“), ისაია (გ. სუნდუკიანის „პეპო“), გერინგი (მ. კვესელავას „ას ერგასის დღე“), იმპერატორი (ა. ჭიჭინაძის, რ. სტურუას „კონცერტი ორი ვიოლინოსათვის აღმოსავლური საკრავების თანხლებით“). კინოფილმებში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ლუარსაბ თათქარიძე („კაცია ადამიანი?!“, რეჟ-ები: ს. და ქ. დოლიძეები, 1979); გადაღებულია ფილმებში: „არდადეგებზე“ (რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1962), „ლონდრე“ (რეჟ. თ. მელიავა, 1966), „გათენების წინ“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1971), „სოფლის აშიკი“ (რეჟ. რ. ჭარხალაშვილი, 1976), „ზღაპარი“ (რეჟ. კ. სურმავა, 1980) და სხვ.