მარგველაშვილი ომარ ალექსანდრეს ძე (დ. 6. IX. 1942, თბილისი), ინჟინერ-მშენებელი, საზოგადო მოღვაწე. საქართვ. საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (2004), საქართვ. და რუსეთის დამს. ინჟინერი (1987), სტუ-ის პროფესორი (2015). საქართვ. და საერთაშ. საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი (2011); საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (2020); არის საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების საბჭოს წევრი. დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშენებლო ფაკ-ტი (1965). მუშაობდა „თბილქალაქმშენში“, სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენში“ (1965–69); იყო ტრესტ ,,საქშახტმშენის“ სამშენებლო სამმართველო ,,მადნეულმშენისა“ (1969–73) და ,,საქშახტმონტაჟის“ უფროსი (1973–76); ტრესტ ,,საქშახტმშენის“ მმართველი (1976–79); მშენებლობის მინისტრის მოადგილე (1979-83), მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის მოადგილე (1983-86); მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე (1986-91); მატერიალური რესურსების მინისტრის პირველი მაოდგილე (1991-94), ტურიზმისა და კურორტების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1994-2004). ეკავა სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები. არის სააქციო საზ-ბა „თბილღვინოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე (2004-იდან).
სხვადასხვა წლებში მ. მონაწილეობდა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობაში (ბამის – ბაიკალ-ამურის მაგისტრალი, სლავუტიჩის – ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ, ტიუმენის ნავთობმომპოვებელი კომპლექსი); ხელმძღვანელობდა ფოთის გემთმშენებელი და ლანჩხუთის სამხედრო დანიშნულების ქ-ნების მშენებლობას, თბილ. ვაგონშემკეთებელი და რუსთავის აზოტის ქ-ნების, ასევე ქუთაისის ავტოქარხნის რეკონსტრუქციას, აგრეთვე სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის შტაბს (1987).
მ. არის მშენებლობის ეკონომიკის, მართვისა და ტექნოლოგიური კომპლექტაციის საკითხებზე სამეცნ. ნაშრომების ავტორი.
მ. იყო საქართველოს სამგზის ჩემპიონი აკადემიურ ნიჩბოსნობაში (1962–64).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001) და ნ. ნიკოლაძის სახ. პრემიით (2022).
თხზ.: დრო, დრო აღნიშნე..., თბ., 2011; როცა უკან მოხედვის არ გეშინია! თბ., 2019.