„მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება კავკასიაში“, რუსეთის იმპერია მიერ კავკასიაში სამისიონერო საქმიანობისათვის დაარსებული საზოგადოება. შეიქმნა 1860 წ. 9 ივნისს.
XIX ს. 60-იანი წლებიდან იმპერია კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში, თავისი სარწმუნოებრივი პოლიტიკის გატარებისათვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სამისიონერო საქმიანობას, რ-ის მიზანი იქნებოდა იარაღის ძალით დაპყრობილი მთიელების მორჩილებაში ყოლა. ახალი ტიპის სამისიონერო საზ-ბის დაარსების ინიციატორად, XIX ს. 50-იან წლებში, საქართვ. საეგზარქოსოსთან ერთად გამოდიოდა კავკასიის მაშინდელი მეფისნაცვალი ა. ბარიატინსკი ქრისტიანული საზ-ბის ძირითადი ამოცანა იყო მთიელ ხალხში შერყეული რწმენის განმტკიცება, წარმართთა შორის მისი გავრცელება და მაჰმადიანთა მოქცევა ქრისტიანობაზე. სარწმუნოებრივი ერთობა გააადვილებდა მთიელი ხალხის ასიმილაციას. მისია რუსი სას. პირების მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო, დასაშვებად მიაჩნდათ პოლიტ. და ზნეობრივი ნიშნის მიხედვით შერჩეული არარუსებიც. სამისიონერო მოღვაწეობის დროს, სარწმუნოების გავრცელებასთან ერთად, მისიონერი ვალდებული იყო, ადგილებზე რუსეთის იმპერიული პოლიტიკა გაეტარებინა. ამის გათვალისწინებით, 1857 პეტერბურგში დაამტკიცეს საზ-ბის წესდება, ხოლო 1860 წ. 9 ივნისს შეიქმნა თავად საზ-ბა, რ-ის ცენტრი თბილისში დაფუძნდა. 1865 წ. 29 იანვარს საზ-ბის წესდებაში შეიტანეს მთელი რიგი ცვლილებები და დამატებები, ხოლო 1885 წ. 10 თებერვალს რუს. იმპერატორმა დაამტკიცა საზ-ბის ახალი წესდება, რ-ის მიხედვით მისი მოქმედების არეალი გაიზარდა. კავკასიის მთიელ ხალხთან ერთად, მისიონერებს თავიანთი საქმიანობა უნდა წარემართათ საქართვ. ისეთ კუთხეებში (თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, სვანეთი), სადაც ადრე ქრისტიანობა ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ შემდგომ თავი იჩინა წარმართობის ელემენტებმა. საზ-ბას ქრისტ. სარწმუნოება აგრეთვე უნდა გაევრცელებინა ოსმალთა ბატონობის შედეგად ფეხმოკიდებულ მაჰმადიანებს (აფხაზეთი, საინგილო და სამცხე-ჯავახეთი) შორისაც.
„მ. ქ. ა. ს. კ.` შექმნის შემდეგ ამავე მიზნებისათვის XIX ს. I ნახ-ში შექმნილმა „ოსეთის სასულიერო კომისიამ` არსებობა შეწყვიტა. მთავრობა ხაზინიდან საზ-ბის დასაფინანსებლად ყოველწლიურად სოლიდურ თანხას გამოყოფდა, საკუთრებაში გადასცა მიწა, ეკლესიებში დაიდგა ყულაბები. საზ-ბის ამოქმედებამდე, მის ფუნქციას ასრულებდა მეფისნაცვლის სამმართველოსთან არსებული დროებითი კომიტეტი, რ-ის გაუქმების შემდეგ, 1865, საზ-ბის თავ-რედ დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვალი, მოადგილედ _ საქართვ. ეგზარქოსი. 1885, საზ-ბის რეორგანიზაციის შემდეგ, თავმ-რის უფლებები საქართვ. ეგზარქოსს გადაეცა. კავკასიის მეფისნაცვალი საერთოდ ჩამოაშორეს ამ საქმეს.
მუშაობის გააქტიურების მიზნით, საზ-ბამ თავისი განყ-ებები შექმნა ვლადიკავკაზში, გურია-სამეგრელოში, აფხაზეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში. რუსეთის მმართველ წრეებს საზ-ბის საშუალებით სურდა თავისი კოლონიურ-სარწმუნოებრივი პოლიტიკის გატარება აფხაზეთში. 1851 მეფისნაცვალი მ. ვორონცოვი ითხოვდა უფლება მიეცათ, საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში, სადაც ოსმალთა ბატონობის შედეგად მოსახლეობის ნაწილი გამაჰმადიანდა, ნაწილი წარმართობას დაუბრუნდა, მცირე ნაწილი კი კვლავ აღიარებდა ქრისტიანულ რწმენას, მისიონერებად ქართვ. სას. პირები გაეგზავნათ, რ-ებიც ახლოს იცნობდნენ მათ ზნე-ჩვეულებებს და ადათ-წესებს. ამ მიზანს ემსახურებოდა 1851 აფხაზეთის საეპისკოპოსოს აღდგენაც, რ-ის კათედრაზე 1885-მდე, ძირითადად, ქართვ. სას. პირები ინიშნებოდნენ. ქართველ მისიონერთა მოღვაწეობამ სათანადო შედეგი გამოიღო. 1861 პირველი ქრისტ. ეკლესია სოფ. ათაშარაში ამოქმედდა. XIX ს. 60_70-იან წლებში გაიხსნა რამდენიმე ათეული ეკლესია, 1896 მონაცემებით, საზ-ბას აფხაზეთში 21 ეკლესია ექვემდებარებოდა. „კ. მ. ქ. ა. ს. კ.` ინიციატივით, აფხაზი ბავშვებისათვის გაიხსნა სამონასტრო სკოლები. თუმცა რუს. ხელისუფლებას სურდა ქართულ ენაზე სწავლება თავდაპირველად აფხაზური ენით შეეცვალა, შემდეგ ეტაპზე კი მთლიანად რუსულზე გადასულიყო.
XIX ს. II ნახ-იდან 1885-მდე ქართვ. სას. პირების სამისიონერო მოღვაწეობამ ხელი შეუწყო აფხაზეთში ქრისტიანობის აღდგენა-განვითარებას. ეს კი რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ XIX ს. 80_90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში არსებულ ყველა ეკლესია-მონასტერს რუსი ბერები დაეპატრონენ. რუს. უწმინდესი სინოდის 1898 წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება, ქართული ენის ნაცვლად, რუსულ ენაზე დაკანონდა. იმავე წლის 17 მარტის დადგენილების საფუძველზე, აფხაზეთისა და სამურზაყანოს ყველა ტიპის სასწავლებელში აიკრძალა ქართ. ენის სწავლება. აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორების მიზნით, XIX ს. ბოლოს რუსმა მოხელეებმა შეადგინეს საქართვ. საეგზარქოსოს რეორგანიზაციის პროექტი, რ-ის მიხედვით, აფხაზეთის ოლქი უნდა შეერთებოდა ყუბანის ოლქს, ხოლო სოხუმის ეპარქია _ ყუბანის ეპარქიას, თუმცა XX ს-ის დასაწყისში რუსეთში არსებულმა პოლიტ. ვითარებამ ხელი შეუშალა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას.
საქართველოს საეგზარქოსო „მ. ქ. ა. ს. კ.` დაყრდნობით, საქართვ. სხვადასხვა კუთხეში ისეთივე კოლონიურ პოლიტიკას ახორციელებდა, როგორსაც აფხაზეთში. საქართვ. ეგზარქოსმა იმერეთის ეპისკოპოსს ჩამოართვა აჭარაში მისიონერთა დანიშვნის უფლება და თვითონ ჩაუდგა სათავეში აჭარელთა გაქრისტიანებას. XIX ს-ის 90-იანი წლების ბოლოს აჭარიდან გამოიწვიეს ქართვ. სას. პირები და მათ მაგიერ რუსი და ბერძენი სამღვდელოება მიავლინეს, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს.
საზ-ბამ გარკვეული სამისიონერო მოღვაწეობა გასწია აგრეთვე ხევსურეთში, თუშეთში, სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში. 1829, სამცხე-ჯავახეთის შემოერთების დროს, აქ ქართველთა დიდი ნაწილი მაჰმადიანობას აღიარებდა, ნაწილი კი _ კათოლიკობას. შემოერთების შემდეგ, თურქეთიდან გადმოსახლებული კათოლიკე სომხების, რუსეთის შიგა გუბერნიებიდან სექტანტების ჩამოსახლების ხარჯზე შეიცვალა დემოგრაფიული ვითარებაც. სამცხე-ჯავახეთში სამისიონერო მოღვაწეობისათვის ჩასული ქართვ. სას. პირები ცდილობდნენ, საზ-ბის საქმიანობა ქართვ. ერის სასარგებლოდ გამოეყენებინათ, რასაც ხელს უშლიდნენ ცარიზმის მოხელეები.
ანალოგიური ვითარება იყო საინგილოში, სადაც, ქართველ მაჰმადიანებთან ერთად არაქართველებიც _ მაჰმადიანი ლეკებიც ცხოვრობდნენ. XIX ს. II ნახ-იდან თვით ინგილოებმა გამოიჩინეს ინიციატივა და მათმა მცირე ნაწილმა გადაწყვიტა, წინაპართა სარწმუნოებას დაბრუნებოდა. მათივე მოთხოვნით, საქართვ. საეგზარქოსომ 1851 სოფ. კახში მღვდელი მიავლინა. მ. ვორონცოვის უშუალო მითითებით, მართლმადიდებლური ქრისტ. ეკლესიები აშენდა კახსა და ყორაღანში. 1859 განკარგულებით ინგილო ქრისტიანები სახაზინო გლეხებად გამოცხადდნენ და გათავისუფლდნენ მაჰმადიან ლეკებზე დამოკიდებულებისაგან. მთავრობის ასეთმა პოლიტ. კურსმა ხელი შეუწყო საინგილოში ქრისტ. სარწმუნოების გავრცელებას. ადგილ. ქრისტიან ინგილოთა მხარდაჭერით, XIX ს. 80-იან წლებში ქრისტ. ეკლესიები აშენდა ალიბეგოში, კახში, ქურმუხში. რუსეთის იმპერიამ, როგორც კი დაინახა, რომ საინგილოში სამისიონერო საქმიანობა ქართველთა ინტერესების შესატყვისად მიმდინარეობდა, სასწრაფოდ შეასუსტა ამ კუთხეში მოღვაწეობა. იქიდან ქართველი სას. პირები გამოიწვიეს. რამაც მაჰმადიანთა გააქტიურება განაპირობა XIX ს. 90-იან წლებში საქართვ. საეგზარქოსომ კვლავ განაახლა სამისიონერო მოღვაწეობა ინგილოთა შორის, რაც მიზნად ისახავდა ამ მხარის რუსიფიკაციას, მაგრამ ქრისტიან ინგილოთა წინააღმდეგობის გამო, მათ დასახული მიზანი მხოლოდ ნაწილობრივ განახორციელეს.
1898 რეაქციონერი რუსი დეკანოზის ს. გოროდცევის თავმჯდომარეობით დაარსდა „საეპარქიო-სამისიონერო სასულიერო-საგანმანათლებლო ძმობა`. მართალია, „ძმობის` მიზანი იყო სამისიონერო მოღვაწეობის დროს კულტ. და საგანმან. საქმიანობის წარმართვა, სინამდვილეში კი იგი საიდუმლოდ ადევნებდა თვალყურს „მ. ქ. ა. ს. კ.` განხორციელებულ რუსულ პოლიტიკას საქართველოში. ყველა რესურსის გამოყენების მიუხედავად, სამისიონერო საქმიანობას წარმატება არ მოჰყოლია, რაც იმდროინდელი ქართვ. საზ-ბის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს.
1910 თბილისში ხელისუფლებამ აღნიშნა „მ. ქ. ა. ს. კ.` 50 წლისთავი. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიცა მისი საქმიანობის ამსახველი ნაშრომი და საზ-ბის მიერ გახსნილი ეკლესიებისა და სამრევლო სკოლებისადმი მიძღვნილი ფოტო-ალბომი. გაირკვა, რომ 50 წლის არსებობის განმავლობაში მისიონერთა ღვაწლით ქრისტიანობაზე მოიქცა 33547 კაცი. პოლიტ. დატვირთვის მიუხედავად, საზ-ბამ გარკვეულწილად დადებითი როლი შეასრულა საქართვ. სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანობის განმტკიცებაში. მისივე ინიციატივით აიგო და შეკეთდა ეკლესია-მონასტრები და დაარსდა რამდენიმე ასეული სამრევლო სკოლა.
საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ. 12 მარტი) საზ-ბამ ფუნქციონირება შეწყვიტა.
ლიტ.: ბუბულაშვილი ე., „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების“ მოღვაწეობის ისტორიიდან, ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, I, 2007; მისივე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ეგზარქოსობის დროს, თბ., 2022; წვერავა ვ., საქართველოს საეგზარქოსოს სამისიონერო მოღვაწეობა XIX საუკუნეში, ქუთაისი, 2002; Обзор деятельности востановления православного христианства на Кавказе за 1860–1910 гг. Тифлис, 1910.
ე. ბუბულაშვილი