მარიამ ბატონიშვილი

მარიამ ბატონიშვილი [1755 ან 1758, თბილისი, – 3 (სხვა ცნობით 8). XI. 1829, ქარელი], პოეტი. ერეკლე II-ის ასული, თბილისის მოურავის დ. ციციშვილის მეუღლე. ლექსებს ახალგაზრდობიდან წერდა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ ხუთი ლექსია მოღწეული. მ. ბ-ის პოეზიაში „სოფლისადმი მდურვის“ ტრადიციულ მოტივებს ერწყმის „დიდებული სამშობლოსა“ და „წალკოტი აღყვავებულის“ დაცემით (იგულისხმება ქართლ-კახეთის სამეფოს დამხობა) გამოწვეული გულისტკივილი და ნაღველი. ხშირია მის ლექსებში მეტაფორა „ჩრდილოეთი“, რ-იც რუსეთსა და მის პოლიტიკას გამოხატავს. მ. ბ-ის ლექსები პოპულარული იყო 1832 შეთქმულების მონაწილეთა შორის.

მ. ბ. დაკრძალულია თბილისში, სიონის ტაძარში.