მარიამი (დაახლ. 1050–1118, თრაკია), ბიზანტიის დედოფალი 1071–81, საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ისა და ბორენა დედოფლის ასული. საქართველოში სახელად ერქვა მართა. 1056 ბიზანტიის დედოფალმა თეოდორამ მართა კონსტანტინოპოლში მიიწვია შვილად აღსაზრდელად, მაგრამ თეოდორა იმავე წელს გარდაიცვალა და მართა საქართველოში დაბრუნდა. 1065 დაქორწინდა იმპ. კონსტანტინე X დუკას ვაჟზე – მიხეილზე (შემდგომში იმპ. მიხეილ VII). 1078 ბიზანტიის სამეფო კარზე გადატრიალების შედეგად ტახტზე ავიდა ნიკიფორე III ბოტანიატე. მ. ცოლად გაჰყვა ახალ იმპერატორს იმ პირობით, რომ მ-ის ვაჟი კონსტანტინე პორფიროგენეტი ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდებოდა. იმპერატორმა მალე აზრი შეიცვალა, ამიტომ მ-მა მხარი დაუჭირა ბოტანიატეს წინააღმდეგ შეთქმულებას, რ-საც ძმები ალექსი და ისააკ კომნენოსები ხელმძღვანელობდნენ. 1081 იმპ. ალექსი კომნენოსმა, მ-თან წინასწარ დადებული პირობის თანახმად, კონსტანტინე ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა, მაგრამ 1092 პირობა დაარღვია და მ. იძულებული გახდა მონაზვნად აღკვეცილიყო. იგი მაინც განაგრძობდა ბრძოლას შვილისათვის ბიზანტიის ტახტის მოსაპოვებლად. 1094 მონაწილეობა მიიღო ალექსი კომნენოსის წინააღმდეგ შეთქმულებაში. 1096 გარდაიცვალა კონსტანტინე პორფიროგენეტი და მ-მაც თავი დაანება პოლიტ. ბრძოლას.
იშვიათი სილამაზის მ. ღრმად განსწავლული ქალი იყო. მასთან მიმოწერა ჰქონდა ცნობილ ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს თეოფილაქტე ბულგარელს, რ-მაც მ-ის შთაგონებით დაწერა ნაშრომი „იოანეს სახარების განმარტება“. მასვე დააწერინა მ-მა ტრაქტატი კონსტანტინე პორფიროგენეტის აღსაზრდელად. მისი შეკვეთით იწერებოდა ხელნაწერები სხვადასხვა ქართ. მონასტრისათვის. იგი მფარველობდა ქართვ. ბერებსა და ქართ. მონასტრებს ბიზანტიაში, გაათავისუფლა ათონის ივერთა მონასტერი გადასახადებისაგან და შესწირა მას ადგილ-მამული. მ-მა დედასთან – ბორენა დედოფალთან – ერთად აღადგინა კაპათას მონასტერი იერუსალიმში.
წყარო: გიორგი მცირე, ცხორებაQ გიორგი მთაწმიდელისაQ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 2, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1967; მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ანნა კომნენე, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 6, თბ., 1966; იოანე ზონარა, იქვე; გიორგი კედრენე, იქვე, ტ. 5, თბ., 1963; ნიკიფორე ვრიენიოსი, იქვე.
მ. ბერძნიშვილი