მარიამი

მარიამ დედოფალი კასტელიას ალბომიდან. XVII ს.

მარიამი (XVI–XVII სს. მიჯნა, – 1682), ქართლის დედოფალი. ოდიშის მთავრის, მანუჩარ I დადიანის ასული. 1621 მისთხოვდა მამია II გურიელის ძეს სვიმონს. როცა ამ უკანასკნელმა მამია გურიელი მოკლა (1625), ლევან II-მ (მ-ის ძმა) წაართვა მას მ. და თავის შვილთან (ოტია) ერთად დადიანის სასახლეში წამოიყვანა. 1634 ირანის შაჰის თანხმობით მ. შეირთო ქართლის მეფე როსტომმა. ეს აქტი მიმართული იყო თეიმურაზ I-ისა და იმერეთის მეფის გიორგი III-ის წინააღმდეგ. როსტომის გარდაცვალების (1658) შემდეგ შაჰის ბრძანებით მიათხოვეს ქართლის მეფე ვახტანგ V-ს (შაჰნავაზ I). მ. ზრუნავდა მტრების შემოსევების დროს დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენა-შეკეთებასა და შემკობაზე: ხელახლა ააშენა ბოლნისის ეკლესია, განაახლა რუისის ეკლესია და სხვ. აგროვებდა და ამკობდა ქართულ ხელნაწერებს, თავისი ხარჯით ყიდულობდა მტრების მიერ მიტაცებულ ხელნაწერ წიგნებს. მ-ის თაოსნობით 1633–46 გადაიწერა „ქართლის ცხოვრების“ კრებული (იხ. მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“).

წყარო: გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., „საიტორიო მოამბე“, 1925, [ტ.] 2; ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 4, თბ., 1996.

ვ. გუჩუა