მარიამი (9. IV. 1768, თბილისი, – 30. III. 1850, მოსკოვი), ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელი დედოფალი. გიორგი XII-ის მეორე მეუღლე, გვარად ციციშვილი. გიორგი ბატონიშვილი მ-ზე 1782 დაქორწინდა. ჰყავდათ შვილები: მიხეილი (1783–1862), გაბრიელი (1788–1812), თამარი (1789–1851), ანა (1789–96), ელიზბარი (1790–1854), იოსები (გ. 1798-ის შემდეგ), სპირიდონი (გ. 1798-ის შემდეგ), ოქროპირი (1795–1857), სვიმონი (1797 – გ. ბავშვობაში), ერეკლე (1797–1859), ანა (1800–50). გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის მთავრობამ დედოფლისა და ბატონიშვილების რუსეთში გადასახლების გადაწყვეტილება მიიღო. მ-მა 1802 წ. 10 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრს, გრაფ ვ. კოჩუბეის თხოვნის წერილი გაუგზავნა, რათა არ გადაესახლებინათ ან სამი წლით გადაედოთ გადასახლება, თუმცა თხოვნა უპასუხოდ დარჩა.
1803 წ. 19 აპრილს დილით გენ. ი. ლაზარევი ოფიცრებისა და კაზაკთა რაზმის თანხლებით დედოფლის სასახლეში მივიდა და დედოფალს მოახსენა ციციანოვის განკარგულება მ-ისა და მისი შვილების რუსეთში სასწრაფოდ გამგზავრების შესახებ. დედოფალმა დრო ითხოვა. ლაზარევმა ძალის გამოყენება მოინდომა. დაპირისპირებისას, რ-შიც ბატონიშვილებიც მონაწილეობდნენ, დედოფალი დაიჭრა, ხოლო ლაზარევი მოკლეს. არსებობს მისი მკვლელობის ვერსიები – ერთი, რომ იგი თავად დედოფალმა მოკლა ხანჯლით და მეორე, ლაზარევი მოკლა დედოფლის მცველმა, თავადმა ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა.
1803 წ. 3 ივნისს მ. შვილებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. იგი, როგორც პატიმარი, კურსკის გუბერნიის ბელგოროდის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. 1811 მოსკოვში გადასვლის ნება მისცეს, სადაც დაენიშნა სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით უფრო მცირე პენსია. მ. საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა, იმპერატორის ნებართვა 1849 აგვისტოში მიიღო, თუმცა დედოფალი მოსკოვში 1850 წ. 30 მარტს გარდაიცვალა. მ. 1850 წ. 17 ივნისს ჩამოასვენეს საქართველოში და მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გიორგი XII-ის გვერდით დაკრძალეს.
წყარო: ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, წგ.: 2, თბ., 1983; ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, წგ.: ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები, ტ. 3, თბ., 1981.
ლიტ.: აბდალაძე გ., უკანასკნელი დედოფალი საქართველოში, წგ,: თაყვანსაცემი მანდილოსნები, თბ., 2009; იოსელიანი პ., ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, თბ., 1978; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.