მარიამსაკმელა

მარიამსაკმელა (Peganum), მცენარეთა გვარი ორყურასებრთა ოჯახისა. ზოგიერთი ეკუთვნის მარიამსაკმელასებრთა (Peganaceae) ოჯახს. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია. აქვთ აღმავალი ან წამოწეული მრავალი ღერო, ხაზურად განკვეთილი ფოთლები, ყვითელი ყვავილები, სამსაგდულიანი და მრავალთესლიანი კოლოფი (ნაყოფი).

გვარი აერთიანებს 6 სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია ევრაზიის სამხრ. ნაწილსა და მექსიკის ზეგანზე. საქართველოში ერთი სახეობაა – P. harmala; იზრდება მშრალ და დამლაშებულ ადგილებზე – ველებზე, ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებში, ზოგჯერ რუდერალურ ადგილსამყოფელზეც.

მისი თესლიდან იღებდნენ მოწითალო-მოვარდისფრო საღებავს შალეულისა და აბრეშუმის ქსოვილებისათვის.

ლ. ხინთიბიძე