მარლიქის სამაროვანი

მარლიქის სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. დასასრ., – I ათასწლ. დასაწყ.) არქეოლოგიური ძეგლი ირანში, გლანის პროვინციაში. 1961–62 ირანელმა არქეოლოგმა ი. ნეგაჰბანმა ბუნებრივ ბორცვზე, მარლიქთეფეზე გათხარა 53 სამარხი. აღმოჩნდა თიხის, ბრინჯაოს, ოქროს, ვერცხლის, სარდიონის, თაბაშირის და სხვა რამდენიმე ათასი ნივთი. ცილინდრული საბეჭდავების ერთი ჯგუფი მითანის ნაწარმს ჰგავს, მეორე, უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფი, ასურული წარმოშობისაა. არის ადგილ. საბეჭდავებიც როგორც ქვის, ისე ბრინჯაოსი. ბრინჯაოს ნივთების ნაწილს (იარაღი, ჭურჭელი) გარკვეული მსგავსება აქვს ლურისტანის ბრინჯაოსთან. მარლიქის კულტურა ერთგვარად სინკრეტული ხასიათისაა, რაც განპირობებულია, ერთი მხრივ, მესოპოტამიური, მეორე მხრივ, ხურიტული და ინდო-ირან. გავლენებით. ვარაუდობენ, რომ მ. ს-ზე ადგილობრივი მეფეები და მათი ოჯახის წევრები იმარხებოდნენ.

ლიტ.: Negahban E. O., Marlik, Tehran,1966.

ი. გაგოშიძე