მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია, აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქია. იგი მოიცავს მარნეულს და მის მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის იურისდიქცია ვრცელდება ისტ. ქვემო ქართლის ვაკეზე, მდ-ების – ალგეთისა და ხრამის აუზებზე, ჩრდ-ით ესაზღვრება რუსთავის, ჩრდ.-აღმ-ით – გარდაბნისა და მარტყოფის, ჩრდ.-დას-ით – მანგლისისა და თეთრი წყაროს (იხ. მანგლისისა და თეთრი წყაროს ეპარქია), დას-ით – ბოლნისის, სამხრ-ით – დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიები. ეპარქიის სამხრ. საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწ. საზღვარს. მისი სამღვდელმთავრო რეზიდენცია იყო მარნეული. ეპარქიის ტერიტორიაზე საქართვ. გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება ეკლესიათა მშენებლობა. საქართვ. ეკლესიის ორგანიზაციული მოწყობის დროიდან ეს მხარე მცხეთის საყდრის იურისდიქციაში შედიოდა.
1811 საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების და ამ მხარეში ეკლესიათა იძულებითი, თითქმის ორსაუკუნოვანი უმოქმედობის შემდეგ საეკლ. ცხოვრების აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევას უკავშირდება. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 განახლებული 13 ეპარქიიდან მთელი ეს მხარე აგარაკ-წალკის სამღვდელმთავროს შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა XX ს. 20-იან წლებში ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული საბჭოური რეპრესიების გამო ქვეყნის ტრადიციული საეპარქიო მართვა-გამგეობა ათწლეულების განმავლობაში ვერ აღდგა. 1995 აპრილში, საეკლ. კრების გადაწყვეტილებით, ეპარქიათა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა და აგარაკ-წალკის განვრცობილი სამღვდელმთავრო ტერიტორიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ბოლნისისა და დმანისის, მანგლისისა და წალკის, რუსთავისა და მარნეულის ეპარქიები. მარნეულის რ-ნი რუსთაველი მღვდელმთავრის სამწყსოს მიეკუთვნებოდა. 2002 წ. 17 ოქტომბერს საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით რუსთავის ეპარქიას რუსთავისა და მარნეულის ეპარქია ეწოდა. 2013 წ. 11 ოქტომბერს, ეპარქიათა საზღვრების რეორგანიზაციის შემდეგ, რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა რუსთავის ეპარქია და მ. და ჰ. ე., რ-ის კათედრა და რეზიდენცია მარნეულშია.
ლიტ.: გუგუშვილი გ., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიათა ცნობარი, ,,ორნატი“, 2003, №1; მისივე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კრებული მიძღვნილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 30-ე და დაბადებიდან 75-ე წლისთავზე, თბ., 2007; ვარდოსანიძე ს., საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917–52 წლებში, თბ., 2001.
გ. გუგუშვილი