მარნეულის ვაკე, ბორჩალოს ვაკე, აკუმულაციური ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის ვაკის დასავლეთ ნაწილში. მოიცავს მდ-ების – ალგეთის, ხრამის, მაშავრისა და დებედის ქვემო დინებათა აუზებს. ვაკის სიგრძეა 40 კმ, უდიდესი სიგანე – 20 კმ, სიმაღლე ზ. დ. 270 მ-იდან 400 მ-მდე. მ. ვ-ს ჩრდ-ით ესაზღვრება იაღლუჯის მაღლობი, სამხრ-ით – ლოქის ქედი და ბაბაკარის სერი, აღმ-ით – მდ. მტკვარი, დას-ით საზღვარი მიუყვება მაშავრის ხეობას ბოლნისამდე. აგებულია ძირითადად მეოთხეული ალუვიური ნალექებით – ქვიშებით, თიხებით, კენჭნარით, კონგლომერატებით. მდინარეთა სანაპიროზე თანამედროვე ალუვიური ნალექებია – კენჭნარი, ქვიშნარი. ვაკის ზედაპირი ბრტყელია. მთავარ მდინარეთა ტერასების ამგებ თაბაშირიან თიხებში წარმოქმნილია სუფოზიური ძაბრები, ჭები, ბუნებრივი ხიდები და სხვ.
მ. ვ-ზე მშრალი სუბტროპ., ზომიერად თბილი სტეპური ჰავაა. იცის ცხელი ზაფხული, ნალექების ორი მინიმუმით. ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა 12 0C, იანვრ.– 00–0,30 C, ივლ. – 23,90 C, აბსოლ. მინ.–250 C, აბსოლ. მაქს.– 400 C. ნალექები 490–550 მმ წელიწადში. ვაკეზე მიედინება მდ-ები: ალგეთი, ხრამი, მაშავერა, დებედა, შულავერი (ხრამის მარჯვ. შენაკადი), ტალავრისწყალი, ბოლნისისწყალი (მაშავრის მარჯვ. შენაკადი). ვაკეზე განვითარებულია წაბლა, აგრეთვე დამლაშებული და ბიცობი ნიადაგები. ბუნებრივ მცენარეულ საფარში ჭარბობს უროიან-ავშნიანი და უროიან-ჯაგეკლიანი მცენარეები, ზოგან – მლაშობი ნახევარუდაბნოს მცენარეულობით. მდინარეთა სანაპიროებზე შემორჩენილია ტუგაის ტყის ფრაგმენტები. მ. ვ-ის უდიდესი ნაწილი ამჟამად კულტურულ ლანდშაფტს უჭირავს.
დ. უკლება