მარტვილის კანიონი, კანიონი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. გაჭედილთან, მდ. აბაშის ხეობაში, ზ. დ. 210 მ სიმაღლეზე. ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. აბაშის მიერ კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში კანიონისებურად ჩაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძეა 2400 მ, ჩაჭრის სიღრმე – 20–30 მ, სიგანე – 5–10 მ. კანიონის შუა ნაწილში წარმოიქმნება 12–15 მ სიმაღლის მცირე ჩანჩქერები, რ-თა შორის აღსანიშნავია ოფუცხოლე. გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენდა. აქ მათთვის მოწყობილი იყო ე. წ. „დადიანების საბანაო“, სადაც კირქვის დიდი კვადრებით აგებული კიბით ჩადიოდნენ. ამ კიბით სარგებლობდნენ თავად გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი.
მ. კ. ერთ-ერთი პოპულარული დაცული ტერიტორიაა. დამთვალიერებლებისთვის მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, გადასასვლელი ხიდები, გადასახედი პლატფორმები. შთამბეჭდავია ნავით გასეირნება მდ. აბაშის 300-მეტრიან მონაკვეთზე. მ. კ-ის მიმდებარე ტერიტორია გარშემორტყმულია უნიკალური კოლხური ტყით. აქ გვხვდება კოლხური ბზა, დათვის თხილი, უთხოვარი, მრავლადაა ხავსები და გვიმრანაირები.
მ. კ. ცნობილია აგრეთვე გოჭკადილისა და გაჭედილის კანიონის სახელწოდებით.
ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი,თბ., 2009.