მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გ. ელიავას სახელობისა, დაარსდა 1957 (ფართ. 1791 მ 2), მუზეუმში დაცულია 55 ათ-ზე მეტი ექსპონატი, რ-თა შორისაა არქეოლ. მასალა: ადრეული ქვის ხანისა და ბრინჯაოს ხანის სამუშაო და საბრძოლო იარაღი, სარიტუალო ქვები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაული; ძვ. წ. VII–VI სს. ბრინჯაოს ფიგურა „მქადაგებელი“, ფიბულები სხვადასხვა გამოსახულებით და სხვ. აქვე წარმოდგენილია ნუმიზმატიკური მასალა: ძვ. წ. IV–II სს. ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი, X–XVIII სს. ვერცხლის მონეტების კოლექცია, აგრეთვე XVIII–XIX სს. ხელნაწერები და სიგელ-გუჯრები. გამოფენილია თანამედროვე ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები: ლ. გუდიაშვილის „სამაია“, ე. ახვლედიანის „ჩვენი სოფელი“, მ. თოიძის, რ. სტურუას, ს. მაისაშვილის, რ. ადამიას ნამუშევრები, ი. ოჩიაურის, ჯ. ბჟალავას ქანდაკებები.

მ. მ. მ-ში ფუნქციონირებს XIX–XX სს. გამოცემებით დაკომპლექტებული ბ-კა (5000 ეგზ.).

მ. მ. მ-ს საგამოფენო დარბაზების გარდა აქვს ეთნოგრ. გამოფენა ღია ცის ქვეშ (გაიხსნა 1964). აქ მოწყობილია გლეხის კარ-მიდამო სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობით: ჯარგვალი, ფაცხა, მარანი, ნალია. მუზეუმის ბაზაზე 1973 შეიქმნა უნიკალური კოლხური ვაზის ჯიშები საკოლექციო ნაკვეთი.