მარტვილობა

მარტვილობა (იგივეა, რაც წამება), ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი ჟანრი. ასახავს ქრისტიანობისთვის თავდადებული წმინდანების ცხოვრებასა და მათს მოწამებრივ აღსასრულს. ამ ჟანრის თხზულება ემსახურებოდა ქრისტ. სარწმუნოების განმტკიცებას. საქართველოში ქრისტიანობისათვის თავდადება ეროვნ. თავისთავადობის გადარჩენისათვის ბრძოლას უდრიდა, ამიტომ ქართ. მ-ებში ეროვნ. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიაც აისახა (მაგ., „წმ. შუშანიკის წამება“, V ს.; „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, VI ს.; „წმ. აბო თბილელის წამება“, VIII ს.; „წმ. ქეთევან დედოფლის წამება“, XVIII ს. და სხვ.).

ლიტ.: გაბიძაშვილი ე., შრომები, ტ. 1, თბ., 2010; კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის იტორიიდან, [ტ.] 5, თბ., 1957; მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მეტრეველი ს., ქართული სულიერი კულტურის პარადიგმები – აგიოგრაფია, თბ., 2020; ფარულავა გ., ქართული ჰაგიოგრაფია, წგ.: ნათელი ქრისტესი საქართველო, წგ. 1, თბ., 2003.

ნ. გოგუაძე