მარტინე

მარტინე (VI ს.), ეგრისისა და არმენიის სრულუფლებიანი სტრატეგოსი, ბიზანტიელების მთავარსარდალი ეგრისის დიდი ომის (542–562) დროს. 553 ირანელებმა შეძლეს ბიზანტ. და ეგრისის ჯარის დამარცხება, რაც ეგრისის მეფე გუბაზ II-მ (VI ს. 40–50-იანი წლები) ბიზანტ. სარდლების – მ-ს, ბესასა და რუსტიკეს უნიჭობასა და ანგარებას დააბრალა და ამის შესახებ იუსტინიანე კეისარს (527–565) აცნობა. კეისარმა მხოლოდ ბესა გადააყენა თანამდებობიდან, მ. კი დატოვა. ამის შემდეგ ამ სარდლებმა გუბაზის მტრობა და სიძულვილი ჩაიდეს გულში და იგი ვერაგულად მოკლეს (554). იმდროინდელი ბიზანტიელი ისტორიკოსის, აგათია სქოლასტიკოსის გადმოცემით, ლაზთა მთელი ლაშქარი ააღელვა ამ ამბავმა და მათ მოითხოვეს მკვლელების დასჯა. იუსტინიანემ რუსტიკე და მისი ძმა სიკვდილით დასაჯა, ხოლო მ-ს, გაითვალისწინა რა მის მიერ მოპოვებული გამარჯვებანი, ფაქტობრივად დანაშაული აპატია და მხოლოდ თანამდებობიდან გადააყენა.

წყარო: აგათია სქოლასტიკოსი, წგ.; გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936.

ლიტ.: გოზალიშვილი გ., ბიზანტიასა და ირანს შორის ბრძოლა იბერია-ლაზიკისათვის VI საუკუნეში, „თსუ შრომები“, 1944, ტ. 26B; მისივე, ლაზიკის საგარეო ურთიერთობა მეექვსე საუკუნეში, თბ., 1973; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.