მარტიროსოვი არამ გიორგის ძე

ა. მარტიროსოვი

მარტიროსოვი არამ გიორგის ძე (23. XII. 1912, სიღნაღი, – 5. XII. 1998, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველოლოგი. დოქტორი (1965), პროფესორი (1965). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი კავკ. და აღმოსავლური ენების განხრით. 1937-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ჯერ ენიმკისა (ენის, ისტ. და მატერ. კულტურის ინ-ტი) და შემდეგ 1941-დან ენათმეცნ. ინ-ტში თავდაპირველად უმცროს, ხოლო შემდეგ წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. მ. 1938-იდან ეწეოდა პედ. საქმიანობას საქართვ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. იყო ა. პუშკინის სახ. თბილ. პედ. ინ-ტის პროფესორი, კათედრის გამგე.

მ. ავტორია ქართ. ენათმეცნ. საკითხებზე გამოქვეყნებული ნაშრომებისა. მ. შ. აღსანიშნავია ხუთი მონოგრაფია: „ქართული ენის კახური დიალექტი. გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი“ (გ. იმნაიშვილთან ერთად, 1956); „ნაცვალსახელი ქართველურ ენებში. ისტორიულ-შედარებითი ანალიზი“, 1964; „ქართული დიალექტოლოგიის ისტორიისათვის“, 1972; „ჭილ-ეტრატის იადგარი. ტექსტი და გამოკვლევა“ (ა. შანიძესა და ა. ჯიშიაშვილთან ერთად, 1977); „ქართული ენის ჯავახური დიალექტი. გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი“, 1984.

საქართვ. სომხური სკოლების VII, VIII, IX და X კლასებში ქართულ ენას ასწავლიდნენ მ-ის თანაავტორობით შედგენილი სახელმძღვანელოებით.

გ. ცოცანიძე