აბანო, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. ლოპანისწყლის (დასავლეთის ფრონის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 720 მ, ქარელიდან 27 კმ. 239 მცხ. (2014). სოფელში არის დოლომიტების საბადო.
ა. იხსენიება 1636 როსტომ მეფის წყალობის წიგნში. სოფლის სახელწ. აქაურ გოგირდოვან წყლებთან უნდა იყოს დაკავშირებული, რასაც ვახუშტი ბატონიშვილიც აღნიშნავს: „აბანოს დის თბილი წყალი, ჰკურნებს ქარით დახუთვილსა და ბუგრსა-მუწუკსა“.
სოფლის განაპირას, გზის პირზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. აგებულია XIX ს-ში (დაზიანებულია). ჩრდ.-დას. ნაწილში, სასაფლაოზე, წმ. მარინეს ეკლესიაა (XVII ს.), რ-ის მხატვრობა XIX ს-ით თარიღდება.