მარუაშვილი ლევან იოსების ძე (25. X. 1912, ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, – 7. XII. 1992, თბილისი), გეოგრაფი, მთამსვლელი, ჟურნალისტი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1954), პროფესორი (1965). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1985), საქართვ. (1966) და აფხაზეთის არ-ის (1984) მეცნ. დამს. მოღვაწე. სსრკ გეოგრ. საზ-ბის საპატიო წევრი(1985). 1930–38 სწავლობდა თსუ-ში. II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. 1938–41 მუშაობდა ქუთაისის პედ. ინ-ტში. ომის დამთავრების შემდეგ იქვე გააგრძელა მოღვაწეობა. 1949–53 იყო სოხუმის პედ. ინ-ტის პედაგოგი. 1953-იდან გეოგრაფ. ინ-ტში ხელმძღვანელობდა ფიზიკური გეოგრ., ხოლო 1956–92 – გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყ-ბებს.
მ. დაინტერესებული იყო მოგზაურობით. ავიდა კავკასიონის ერთ-ერთ მიუვალ მწვ. ბრუტსაბძელზე, მოგვიანებით – თეთნულდზე, ყუროსწვერზე, მყინვარწვერზე, უშბაზე, იალბუზზე, ქომიტოზე და სხვ. მონაწილეობა მიიღო პამირის ექსპედიციაში. გეოგრაფიის ინ-ტის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ 1960 მ-ის ხელმძღვანელობით აფხაზეთში, ბერჭილის ქედზე აღმოაჩინა კრუბერის გამოქვაბული, რ-იც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი მღვიმის სტატუსითაა ცნობილი. მ. ავტორია სამეცნ. და სამეცნ.-პოპულ. ნაშრომებისა, რ-თაგან 30-მდე ცალკე წიგნად არის გამოცემული ქართულ და უცხოურ ენებზე.
მ-ს მიღებული აქვს ნ. პრჟევალსკის სახ. ოქროს მედალი (1972), ვახუშტი ბაგრატიონის სახ. პრემია (1973).
თხზ.: საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964, გამოც. მე-2, ნაწ. 1–2, თბ., 1969; მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები, თბ., 1973; კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ. 1–ბუნებრივი პირობების შესწავლის ისტორია, თბ., 1975; Геоморфология Грузии, Тб., 1971 (თანაავტ.); Палеогеографический словарь, М., 1985; Грузия в антропогене, Тб., 1991 (თანაავტ.).