მარუშიანი ზვიად, დასავლეთ საქართველოს დიდი ფეოდალი X–XI სს. მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მოხელე – თრიალეთის ერისთავი X ს. 80-იან წლებში (დაახლ. 988 მეფემ კლდეკარი ჩამოართვა რატი ბაღვაშს და თრიალეთის ერისთავად მ. დანიშნა, რასაც გვამცნობს ლივადის ეკლესიის წარწერა). 1014 მ-მა ფანასკერტიდან (ტაო) ბედიაში გადაასვენა ბაგრატ III-ის ცხედარი. XI ს. 20-იან წლებში, ბიზანტიასთან ომის დროს, მ. სარდლობდა ქართველთა მეწინავე ლაშქარს. დროის მოგების მიზნით გიორგი I-მა მას დაავალა ბიზანტიელებთან საზავო მოლაპარაკების გამართვა. ზვიად ერისთავი მოხსენიებულია ზარზმის ხატის განმაახლებლის წარწერაში (რ-საც გ. ჩუბინაშვილი XI ს-ით ათარიღებს). მეწინავე ლაშქრის სარდლობა (მეწინავეობა მესხებს ჰქონდათ საქართველოს ლაშქარში) და ზარზმის ხატის წარწერაში მოხსენიება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მ. იყო სამცხის ერისთავიც. შემდეგში მ-ს გიორგი I-თან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც მეფემ ის შეიპყრო (ამას გვამცნობს გომარეთის წარწერა). შესაძლოა, სწორედ ამის შემდეგ დაბრუნდნენ ბაღვაშები თრიალეთში. სავარაუდოა, რომ მ. იყო ჯავახეთის ერისთავის, ზვიად მარუშიანის შვილიშვილი და ჯავახეთის ერისთავ ვაჩეს შვილი.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ბაქრაძე ა., თრიალეთისა და ატენის ეპიგრაფიკული ძეგლები როგორც ისტორიული წყარო, „ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1959, ტ. 20B; ზარზმის ფერისცვალების ხატის წარწერა, წგ.: ჩუბინაშვილი გ., ქართული ოქრომჭედლობა VIII–XVIII საუკუნეებისა. ალბომი, თბ., 1957.
ნ. შოშიაშვილი