მარუხი

მარუხი, ხეობის ტიპის მყინვარი აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე. მდ. მარუხის აუზის უდიდესი მყინვარი. ფართობი – 1,68 კმ 2, სიგრძე – 4,13 კმ. მ-ს აქვს კარგად გამოხატული მყინვარის ენა და 300 სიმაღლის ყინულჩანჩქერი. 1,5 კმ სიგრძის მყინვარის ენა სუსტადაა დანაპრალებული და მცირე დახრით ხასიათდება. ენის ცენტრ. ნაწილი სუფთაა, მხოლოდ მისი ბოლო მონაკვეთია დაფარული ფხვიერი მასალით. მყინვარის ხეობაში (მყინვარის ტროგი) სხვადასხვა ზომის მორენული სერებია წარმოდგენილი. მართალია მ-ს არ აქვს გვერდითი სტადიალური მორენები, მაგრამ სტადიალური მყინვარის ნაკვალევი ხეობის ორივე ფერდობზე მკვეთრი ხაზით გამოიყოფა ფერდობზე მიფენილი მორენული მასალის, მცენარეული საფარის, ფერდობის ფერის ტონალობისა და სხვა მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით. ხეობაში კარგად არის გამოხატული ბოლო სტადიალური და მიკროსტადიალური მორენები.

ლ. ტიელიძე.