მარქსიზმ-ლენინიზმი

მარქსიზმ-ლენინიზმი, იგივე „საბჭოთა მარქსიზმი“, მარქსიზმის სპეციფიკური ფორმა. იგი რუსეთის 1917 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კომუნისტური პარტიის სახელმწიფო დოქტრინად, მისი ტოტალური ბატონობის გამართლების მთავარ ინსტრუმენტად და თეორიად იქცა. XX ს. 20-იანი წლებიდან მ.-ლ. საბჭოთა კავშირის, ხოლო შემდეგ, ე. წ. „სოციალისტური ბანაკის“ („აღმოსავლეთის ბლოკის“ ქვეყნები) ოფიც. პოლიტ. დოქტრინა გახდა. მ.-ლ-ის შემქმნელებად მიჩნეული არიან კ. მარქსი, ფ. ენგელსი, ვ. ლენინი და ი. სტალინი. ამ უკანასკნელის მიხედვით, მ.-ლ. წარმოადგენს ვ. ლენინის მიერ განვითარებულ მარქსისტულ მოძღვრებას კლასთა ბრძოლისა და პროლეტარული რევოლუციის შესახებ. ვ. ლენინის სიკვდილის (1924) შემდეგ მ.-ლ. საბჭ. კავშირის ოფიც. სახელმწ. იდეოლოგია და მუშათა კლასის მეცნ. მსოფლმხედველობა გახდა. ამ ცნებას განსაკუთრებით კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები იყენებდნენ ე. წ. „ჭეშმარიტი მარქსიზმის“ აღსანიშნავად და სხვადასხვა მარქსისტული ჯგუფისგან (მაგ.,სოციალ-დემოკრატებისგან, ტროცკისტებისგან) გასამიჯნად.

მ.-ლ. შედგება სამი მთავარი ნაწილისგან: 1) დიალექტ. და ისტ. მატერიალიზმი, რ-იც მ.-ლ-ის ფილოს. ფუნდამენტს წარმოადგენს; 2) პოლიტ. ეკონომია, რ-იც საზოგადოებრივ წარმოებით ურთიერთობებს შეისწავლის; 3) მეცნ. სოციალიზმი, იგივე მეცნ. კომუნიზმი, რ-იც პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლისა და სოციალ. (კომუნისტური) საზ-ბის მშენებლობის პრინციპებს შეისწავლის. ამის შესახებ ვ. ლენინი საუბრობს თავის ნაშრომში „მარქსიზმის სამი წყარო და სამი შემადგენელი ნაწილი“ (1913) და აღნიშნავს, რომ მარქსის ფილოსოფია წარმოადგენს სრულყოფილ ფილოს. მატერიალიზმს, რ-მაც კაცობრიობას, კერძოდ მუშათა კლასს, შემეცნების ძალიან ეფექტური საშუალებები მისცა. თავად ვ. ლენინი საკუთარი მსოფლმხედველობის აღსანიშნავად არც მ.-ლ-ის და არც ლენინიზმის ცნებას არ იყენებდა. საბჭოთა კავშირში ორივე ცნება მისი სიკვდილის შემდეგ გავრცელდა.

მ.-ლ-ის „ჭეშმარიტ მემკვიდრეობაზე“ პრეტენზიას აცხადებდა ჩინეთის სახ. რესპუბლიკა. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მისი იდეებისა და ჩინური გამოცდილების სინთეზის შედეგად ჩამოაყალიბა მ.-ლ-ის სპეციფ. სახე – მაოიზმი (მაო ძედუნის მიხედვით), რ-იც, როგორც პოლიტ. დოქტრინა, ჩინეთში გავრცელდა. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა ინდოეთში, პერუსა და ფილიპინებში შექმნილ ანალოგიურ პოლიტიკურ მოძრაობებზე, ასევე, 1968 სტუდენტთა მოძრაობაზე ევროპაში.

მ.-ლ. სსრკ-ის დაშლამდე (1991) მასში შემავალი რესპუბლიკების ოფიც. იდეოლოგია და დოქტრინა იყო. ის ოფიც. სახელმწ. დოქტრინად კვლავაც რჩება კუბის, ჩინეთის სახ., ვიეტნამის სოციალ., ლაოსის სახ.-დემოკრ. რესპუბლიკებში.

მ.-ლ., იყო საქ. სსრ-ის ოფიც. იდეოლოგია და, შესაბამისად, საბჭ. მეცნიერების მთავარი საფუძველი. ამ პერიოდის ქართ. საბჭ. სამეცნ. სკოლებიც (განსაკუთრებით, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები) მის დიდ და ხშირად ნეგატიურ გავლენას განიცდიდნენ.

ლიტ.: ბუხარინი ნ., ისტორიული მატერიალიზმის თეორია, თარგმ. შ. ნუცუბიძისა, ტფ., 1923; გოგიბერიძე მ., ისტორიული მატერიალიზმი (ქრესტომათია), ტფ., 1927; ენგელსი ფ., ისტორიული მატერიალიზმის შესახებ, თბ., 1940; ლენინი ვ. ი., მარქსიზმის სამი წყარო და სამი შემადგენელი ნაწილი, ტფ., 1933; ლუტიძე ბ., ისტორიული მატერიალიზმის საკითხები, თბ., 1988; მარქსი კ., კომუნისტური მანიფესტი, დ. რიაზანოვის შესავლითა და შენიშვნებით, ტფ., 1923; მისივე, კრიტიკული ბრძოლა ფრანგული მატერიალიზმის წინააღმდეგ, თბ., 1971; რამიშვილი ნ., ისტორიული მატერიალიზმი, თფ., 1911; სტალინი ი., დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის შესახებ, თბ., 1940.

თ. ირემაძე