მარშალ ფონ ბიბერშტეინი ფრიდრიხ ავგუსტი

მარშალ ფონ ბიბერშტეინი ფრიდრიხ ავგუსტი (30. VII. 1768, შტუტგარტი, გერმანია, – 28. VI. 1826, მერეფა, უკრაინა), გერმანელი ბოტანიკოსი, მეაბრეშუმე, მოგზაური. გერმანული არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი. სწავლობდა შტუტგარტის „კარლის უმაღლესი სკოლის“ კადეტთა კორპუსში, სადაც დაინტერესდა ბოტანიკით. 1792-იდან მოღვაწეობა გააგრძელა რუსეთში. 1798 პეტერბურგში გამოსცა ნაშრომი „Tableau des provinces situées sur la côte occidentale de la mer Caspienne, entre les fleuves Terek et Cour“. შემდგომი ორი წელი მოგზაურობდა კავკასიაში. ტოპოგრაფიულად აღწერა რეგიონი, მისი  ისტორია, ეკონომიკა, მოსახლეობა, ფლორა და ფაუნა, აღმოაჩინა და აღწერა რამდენიმე ახალი მცენარე. ეს მასალა საფუძვლად დაედო მის შემაჯამებელ ნაშრომს „Flora Taurico-Caucasica“ (1808–19; ტ. 1–3). ეს პირველი ნაშრომია კავკასიისა და ყირიმის ფლორის შესახებ. იყო კიზლიართან მეღვინეობის სასწავლებლისა (1807) და ყირიმის ბოტან. ბაღის დაარსების ინიციატორი. ორჯერ იმოგზაურა საქართველოში, შეისწავლა მისი ისტორია, ბუნება, მოაგროვა დიდძალი მასალა, მაგრამ გამოცემა ვეღარ მოხერხდა მისი გარდაცვალების გამო.