მარშევი (Marschev) იოლანდა (11. V. 1920, ციურიხი, – 3. V. 2015, აშშ, მასაჩუსეტი), შვეიცარიელი ქართველოლოგი. 1939 დაამთავრა გიმნაზია, იმავე წელს სწავლა განაგრძო ციურიხის უნ-ტში რომანისტიკისა და კლასიკური ფილოლ. განხრით. პროფ. კ. ჩხენკელის ხელმძღვანელობით, რ-იც 1946-იდან ციურიხში ასწავლიდა ქართ. და რუს. ენებს, შეისწავლა ქართული ენა და ლიტ-რა. 1964-იდან განაგებდა ქართ. ენის კათედრას ციურიხის უნ-ტში. კ. ჩხენკელთან ერთად მუშაობდა გერმ. ენაზე გამოცემული „ქართული ენის შესავლისა“ და „ქართულ-გერმანული ლექსიკონის“ შედგენაზე. კ. ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ ეს ლექსიკონი მ-მა 1974 ლ. ფლურთან და რ. ნოიკომთან ერთად დაასრულა (გამოიცა 3 ტომად). 1996 დაასრულა ფუნდამენტური ნაშრომი „გერმანულ-ქართული ლექსიკონი“ (გამოიცა თბილისში 2007). 1964–88 მ. ასწავლიდა ქართულ ენას ციურიხის უნ-ტში, კითხულობდა ლექციებს ქართული ენის სტრუქტურისა და ქართული ლიტ-რის ისტ. საკითხებზე. 1986 აქვე გამოსცა მონოგრაფია „ქართული ენის მორფემები“. რ. ნოიკომთან ერთად თარგმნა ა. წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ (ციურიხი, 1990).
1998-იდან ცხოვრობდა აშშ-ში, მასაჩუსეტის შტატში. 2008 ქართული კულტურის წინაშე გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება.
ლიტ.: თურნავა ს., XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია, თბ.,1999; ფეიქრიშვილი ჟ., ვაშაკიძე ი., მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის, თბ., 2012.
ვ. იმნაიშვილი