მარწყვი (Fragaria)

მარწყვი

მარწყვი (Fragaria), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახოვანი, კენკროვანი მცენარეა. მოჰყავთ მსოფლიოში თითქმის ყველგან. საქართველოში ცნობილია XIV ს-იდან. ველურად იზრდება 3 სახეობა: ტყის მ. (F. vesca) ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებსა და მდელოებზე; მწვანე მ. (F. viridis) ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილებს, მუშკის მ. (F. moschata) კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება. უმთავრესად მოჰყავთ ბაღის მ. (F. ananassa), რ-იც ველურად არ გვხვდება. ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპ-ებში გაშენებული იყო მისი მსხვილნაყოფა ჯიში – „კრასავიცა ზაგორია“. მ-ს აქვს დატოტვილი, ფუნჯა ფესვები, ფესურის ზედა ფოთლების იღლიებში არსებული კვირტებიდან გამოდის წვრილი მხოხავი და მიწისზედა ყლორტები – ულვაშები, რ-ებიც მუხლიდან ფესვიანდება და იძლევა ახ. მცენარეს. ღეროები მრავალწლოვანია (12–15 სმ), ბუსუსებიანი ფოთოლი ხერხისებური კუთხეების მქონე ფოთოლაკებისაგან შედგება. გრძელყუნწიანი ყვავილი თეთრი, ორსქესიანი, იშვიათად ცალსქესიანია. წითელი ნაყოფი ცრუნაყოფია და წარმოადგენს გაზრდილ ყვავილსაჯდომს, რ-ის ბოლოებში მეტ-ნაკლები სიღრმით მოთავსებულია წიპწები (თესლი). მ. ტენის, სითბოსა და სინათლის მოყვარულია. კარგად ვითარდება ნოყიერ, მსუბუქ და ფხვიერ ნიადაგზე; რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე. მოსავალს იძლევა პირველსავე წელს, მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად, თესლით გამრავლებას მიმართავენ სელექციისათვის, ხოლო სამრეწველო ბაღებს აშენებენ ვეგეტატიურად ნამრავლი ნერგით. თანამედროვე ტექნოლოგიით მ-ს აწარმოებენ შემაღლებულ ბაზო-კვლებზე მულჩისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენებით. მცენარე ირგვება ერთ ან ორ რიგად. შემაღლებული კვალის სიმაღლე სასურველია იყოს 30 სმ, სიგანე – 50 სმ, მცენარეებს შორის მანძილი – 30 სმ.  ორმწკრივიანი სისტემის შემთხვევაში დარგვა ჭადრაკულად ხდება ადგილ. და უცხოეთიდან შემოტანილი ჯიშებით: კახეთის 1, კახეთის 2, მალინა მ., კონდოლი, კიწი, ნიკუ, ახალციხის 1, ალბიონი, სანანდრიასი, კაბრილო, სვითჩარლი, ვიქტორია, მურანო, ფორტუნა, პორტალა, ჰანეი და სხვ. ჰა-ზე ირგვება 70000 მცენარე, მოსავლიანობა საშ. 20–25 ტ/ჰა, პროგრ. ტექნოლოგიების გამოყენებისას შეიძლება 30–40 ტ-მდეც გაიზარდოს. მ. მოჰყავთ როგორც ღია, ისე დახურულ გრუნტში. მაის-ივნისში მსხმოიარობს ელსანატა, კამაროსა, ჩენდლერი და სხვ., შემოდგომაზე – ნეიტრალურ-რემონტანტული ჯიშები (ტრიბუტი, ფერნი, ტრისტარი და სხვ.). ბოლო დროს გავრცელდა სან-ანდრიასი (სასათბურე ჯიში), რ-იც მთელი წლის განმავლობაში მსხმოიარობს (აგვისტოსა და თებერვლის გარდა).

მ-ის ნაყოფი მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტია. იყენებენ ნედლად, გაყინულს და გადამუშავებულს (მურაბა, პასტილა, წვენი), მდიდარია ვიტამინებით, ორგ. მჟავებით, ნახშირწყლებითა და მინერ. მარილებით. შეიცავს 600-მდე ბიოლ. აქტიურ ნივთიერებას, ანტიოქსიდანტია, შეიცავს ვიტამინ C-სა და B6-ს, ფოლიუმის მჟავას, რკინას და სხვ. იყენებენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ (სისხლნაკლებობა, ავიტამინოზი, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კანის დაავადებები და სხვ.).

მ-ის ძირითადი მავნებლებია მარწყვის ცხვირგრძელა, ნემატოდა და ტკიპა; დაავადებები – ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ფოთლის თეთრი და მურა ლაქიანობა. ამჟამად საქართველოში მ. მოჰყავთ საკარმიდამო ნაკვეთებსა და ფერმერთა საწარმოებში, რ-თაგან აღსანიშნავია ბიომარწყვის მწარმოებელი შპს „პლანტველი“ (მცხეთის მუნიციპ-ის სოფ. მისაქციელი), კოოპერატივი „გილე“ და სხვ. გურჯაანის მუნიციპ-ის სოფ. ახაშენში ფუნქციონირებს კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა ასოციაცია.

ლ. გოგინავა